ხერსონი, დნეპროპეტროვსკი, ზაპოროჟიე - უკრაინაში მსხვერპლია რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად

რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად განადგურებული ავტოგასამართი სადგური უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში. 2026 წლის 1 ივლისი

უკრაინაში მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა რუსეთის მორიგ საჰაერო შეტევას, რომელიც 30 ივნისის ღამიდან მიმდინარეობდა.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების მიერ სოციალური ქსელებით 1 ივლისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით:

ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და შვიდი დაიჭრა ქალაქ ხერსონის ცენტრში, სადაც რუსული დრონით დარტყმა იყო სამგზავრო მიკროავტობუსზე.

ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა დნეპროპეტროვსკის ოლქში, სადაც რუსეთის ჯარებმა ხუთ ავტოგასამართ სადგურს დაარტყეს. დაზიანებულია სახლებიც, საწარმოები, მაღაზიები, ადმინისტრაციული შენობა და გიმნაზია.

ორი ადამიანი დაიღუპა და 36 დაშავდა ქალაქ ზაპოროჟიესა და ახლომდებარე რაიონებში, სადაც დაზიანებულია სახლები და ინფრასტრუქტურის ობიექტები.

რუსული დრონებით შეტევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა ხარკოვის ოლქში, სადაც დაზიანებულია კერძო სახლები და ავტოგასამართი სადგური.

ასევე ნახეთ

უკრაინა ემზადება რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან მოსალოდნელი ახალი შეტევისთვის - გენერალი სირსკი

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 1 ივლისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ერთი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“, ერთი მართვადი საავიაციო რაკეტით და 151 უპილოტო საფრენი აპარატით.

დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო მართვადი საავიაციო რაკეტის და 130 დრონის მოგერიება და 17 დრონით პირდაპირი დარტყმა 16 ადგილზე. დაზუსტებული არ იყო ინფორმაცია დანარჩენი დრონებისა და ბალისტიკური რაკეტის შესახებ.