დღეს, 2 ივლისს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე მოუსმინეს საქართველოს შესახებ უმაღლესი კომისრის ანგარიშს. ის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გლობალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა, მაარიტ კოჰონენ შერიფმა, წარადგინა.
14-გვერდიანი ანგარიში, რომელიც 27 აპრილს გამოქვეყნდა, მიმოიხილავს 2025 წლის განმავლობაში - 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ საქართველოსთვის გაწეულ ტექნიკურ დახმარებას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის გაძლიერებას ემსახურებოდა.
რას ამბობს ანგარიში?
„გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს მანამდეც არაერთხელ გამოუხატავს შეშფოთება საქართველოში ისეთი კანონების მიღების გამო, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს და უარყოფითად აისახება გაერთიანების, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე“, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა, მათ შორის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მიღებითა და ცვლილებებით გრანტების, შეკრებებისა და მანიფესტაციების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში.
ანგარიშში საუბარია ბოლო დროს საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მიმდინარე ყველა პრობლემურ საკითხზე - მედიის შემზღუდავ კანონებზე, პოლიციის მხრიდან გამოყენებულ არაპროპორციულ ძალაზე, დემონსტრანტებზე ძალადობაზე, დაკავებულების იძულებითა და სრულად გაშიშვლების პრაქტიკაზე, ადამიანის უფლებების საკითხებზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში (ცხინვალის რეგიონი), ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე.
„2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების მისამართით ცრემლსადენი გაზის, ყუმბარებისა და ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობები კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით დაზიანებებისა და ჯანმრთელობაზე შესაძლო გრძელვადიანი ზემოქმედების შესახებ არსებული ცნობების ფონზე“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამ ანგარიშის წარდგენისას მომხსენებელმა მაარიტ კოჰონენ შერიფმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება:
„2025 წლის განმავლობაში გაგრძელდა ისეთი კანონმდებლობის მიღების ტენდენცია, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს და ძირს უთხრის გაერთიანების, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებს. ეს მოიცავს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის ამოქმედებას, ასევე ცვლილებებს გრანტების შესახებ კანონში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში“.
ასევე ნახეთ
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რეპრესიები, წამება - საქართველო Amnesty International-ის ანგარიშშიამას გარდა, მან ისაუბრა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე აქციების დროს.
„კვლავ შეშფოთებული ვართ საზოგადოებრივი პროტესტების კონტექსტში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ გავრცელებული ბრალდებებით, მათ შორის თვითნებური დაკავებებით, არასათანადო მოპყრობითა და დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული ან არაპროპორციული გამოყენებით.“
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გლობალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა ასევე აღნიშნა - მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის აქციების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ სავარაუდო ძალადობაში ბრალდებული 5 მოქმედი და ყოფილი სამართალდამცველი დააკავეს, „გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველა ბრალდებაზე ჩაატაროს სწრაფი, დამოუკიდებელი და ყოვლისმომცველი გამოძიებები, რათა სრულად იყოს დაცული სათანადო სამართლებრივი პროცესი და სამართლიანი სასამართლოს გარანტიები.“
მაარიტ კოჰონენ შერიფმა გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო კონტროლის განმახორციელებლებმა კვლავ არ უპასუხეს მათ თხოვნებსა და კითხვებს, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან არაერთხელ მოუწოდეს მათ ამისკენ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებათა ყველა შესაბამისი მექანიზმისთვის, მათ შორის ჩვენი ოფისისთვის, დაუყოვნებელი და შეუფერხებელი წვდომა.
ასევე მოვუწოდებთ ყველა შესაბამის მხარეს, გააუქმონ გადაადგილების დაუსაბუთებელი შეზღუდვები და სრულად გახსნან ადმინისტრაციული საზღვრის ხაზებზე არსებული ყველა გადასასვლელი, რაც აუცილებელია ადამიანის უფლებების სრულად დაცვისთვის, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად.“
გუშინ, 1-ელ ივლისს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე Liberal International-ის მომხსენებლის სტატუსით სიტყვით გამოვიდა პარტია „დროას“ წევრიც, მარიკა მიქიაშვილი, რომელმაც ისაუბრა ქვეყანაში ადამიანის უფლებების გაუარესებულ მდგომარეობაზე. „საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით 2026 წელს არსებული ვითარება კატასტროფაზე ნაკლები ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ბოლო 18 თვის განმავლობაში მისი გაუარესების ტემპს და იმ ფაქტს, რომ ახლა ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში.“
მარიკა მიქიაშვილი გამოსვლისას ასევე შეეხო დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, განსხვავებული აზრის შეზღუდვისა და ოპონენტებზე მზარდი ზეწოლის თემებს.
ისაუბრა ძალის გადამეტებაზე, დაუსჯელობის პრობლემასა და ისეთ პრაქტიკებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევად ფასდება. „ფართოდ გავრცელებულმა უკანონო და არაადამიანურმა პრაქტიკამ, როგორიცაა დაკავებულების გაშიშვლება ან ადამიანების დაპატიმრება მხოლოდ ტროტუარზე პროტესტის გამო, დაღი დაასვა საქართველოს წლევანდელ რეალობას“.