IISS: "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერებიდან გაშვებული დრონები ნატოს ობიექტებს უთვალთვალებდნენ

ტანკერი "ევენტინი". 16 აპრილი, 2025.

ლონდონის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISS) გამოაქვეყნა ანგარიში „კრემლის მიერ ორგანიზებული“ კამპანიისა, რომლის მიზანია ევროპაში სამხედრო ობიექტების თვალთვალი დრონების მეშვეობით. ამ დრონებს უშვებდნენ რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებიდან.

ანგარიშის ძირითადი დასკვნები ხუთშაბათს გამოაქვეყნა ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა. გაზეთის მიერ მოყვანილი ანალიზის თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურები პრაქტიკულად დაუსჯელად მოქმედებდნენ.

საკუთარ დასკვნებზე დაყრდნობით, IISS-ის მკვლევარები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ორგანიზებული ოპერაცია წელიწადნახევარი გრძელდებოდა და მიმართული იყო ბირთვულ ობიექტებზე დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდში. ლონდონში დაფუძნებული ინსტიტუტის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათ გააანალიზეს 144 ინციდენტი, რომელიც 2024 წლის ბოლოდან მოხდა ათზე მეტ ქვეყანაში.

დრონები არაერთხელ შენიშნეს ავიაბაზებისა და აეროპორტების თავზე, მაგრამ დასავლეთის სამხედრო ძალებმა ვერ შეძლეს ვერცერთი დრონის დაჭერა ან ჩამოგდება. ამან გამოავლინა ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემის სტრატეგიული ხარვეზი - ფაქტი, რომელიც, ანალიტიკური ცენტრის თქმით, უკვე იყო აღიარებული მთელ ევროპაში.

სხვა საკითხებთან ერთად, IISS-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის ნოემბერში ამოუცნობი დრონები გამოჩნდა დაბალ სიმაღლეზე გლოსტერშირში, სამეფო საჰაერო ძალების ბაზა „ფეირფორდისა“ და ინგლისში მდებარე ორი სხვა ამერიკული სამხედრო ავიაბაზის თავზე.

IISS-ის მონაცემებზე დაყრდნობით, The Guardian მიუთითებს, რომ ეს დრონები შესაძლოა გაშვებულიყო ტანკერ Seasons 1-დან, რომელიც ესექსის სანაპიროსთან იმყოფებოდა ჩრდილოეთ ზღვაში, ან სატვირთო გემ Hav Dolphin-დან, რომელიც იმ დროს ჰალის ნავსადგურისკენ მიემართებოდა.

BBC-ის ცნობით, IISS-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოპერაციის დროს რუსეთმა წარმატებით გამოიყენა არა მხოლოდ ევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემების სისუსტეები, არამედ დრონების წინააღმდეგ ბრძოლის არსებული ევროპული წესებიც.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დასავლეთის მთავრობებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ დაფინანსებული აგენტები დგანან ევროპაში ჩადენილი არაერთი დანაშაულის უკან, მათ შორის ქარხნებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისთვის ცეცხლის წაკიდებისა და ფიზიკური თავდასხმების უკან. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს ასეთ ბრალდებებს და დასავლეთში რუსოფობიის ზრდაზე ლაპარაკობს.

ასევე ნახეთ

როგორ შეცვალა გაციფრულებამ და ხელოვნურმა ინტელექტმა ომი უკრაინაში