„ფორმულას“ ეთერში პოლიტიკოსმა თქვა, რომ ამის გამო „სინდისის ქენჯნა“ ჰქონდა. „მაშინ არ ვიყავი და ვერ ვიყავი გულწრფელი იმ დიდი მიზნების გამო, რაც გვეგონა, რომ გვამოძრავებდა. ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმის, გამო, რომ, მაშინ ვერ ვიყავით გულწრფელი. ვფიქრობ, გულწრფელობა მოგვცემდა შესაძლებლობას, ჯანსაღად გვემართა პროცესები.
მეტიც, მაშინ რომ გვეთქვა რეალური მიზეზი, მე აუცილებლად, პრინციპულ საკითხად დავაყენებდი, რომ პარტიაში ჩატარებულიყო პირდაპირი წესით არჩევნები... მე არ მქონდა იმ ხარისხის ლეგიტიმაციის მანდატი ხალხის მხრიდან, რომ თუნდაც იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ჩემთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, წინააღმდეგობაში წავსულიყავი დამფუძნებელ თავმჯდომარესთან, პარტიის შიგნით ჯგუფებთან ან სხვა ადამიანებთან, რომლებიც შესაძლოა, სხვადასხვა მომენტში არ იზიარებდნენ პარტიის შიგნით რეფორმების საკითხს“, - თქვა ბოკუჩავა.
ლევან ხაბეიშვილის გადადგომის რეალურ მიზეზზე პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, რომლის დაფუძნებულიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, რამდენიმე დღის წინ ისაუბრა „TV პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში:
„რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს. მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი „სვეცკი ბაბლი“ დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ, ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივ ადამიანის ენით საუბარს, ხან რას, ხან - რას.
ხოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპასა და ამერიკაში განათლებამიღებული თინა, და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს“, - აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ ივლისში, მას შემდეგ, რაც ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, „ყველა ვარიანტში სხვა უნდა აგვერჩია“.
ასევე ნახეთ
სააკაშვილი: ლევანს ინგლისურს უწუნებდნენ, მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცესბოლო წლებში როგორ იცვლებოდნენ თავმჯდომარეები „ნაციონალურ მოძრაობაში“
- 2020 წლის 15 დეკემბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, „ნაციონალური მოძრაობა“ და თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ამ პოსტს 2017 წლიდან იკავებდა;
- 2020 წლის 27 დეკემბერს პარტიის თავმჯდომარე ხმების 64%-ით ნიკა მელია გახდა;
- 2022 წლის 9 ნოემბერს პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ერთმა ჯგუფმა ბრიფინგი გამართა და პარტიის სამდივნოს, პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვა. მელია ამ მოთხოვნას დათანხმდა.
- 2023 წლის 30 იანვარს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, მისმა კონკურენტმა ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო;
- ლევან ხაბეიშვილი თანამდებობიდან 2024 წლის 8 ივნისს გადადგა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, თუმცა ის აქტიურ პოლიტიკაში დარჩა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედაც აირჩიეს;
- 2024 წლის 8 ივნისს პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავა აირჩიეს;
- 10 ივნისს პატიმრობაში მყოფი მეხუთე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელია, თქვა, რომ მათ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდებოდა;
- ჟორჟოლიანმა მალევე თქვა, რომ მას სააკაშვილმა თავმჯდომარეობა შესთავაზა, რასაც არ დასთანხმდა;
- 16 ივნისს ბოკუჩავამ პოლიტიკური ჭორაობა უწოდა ჟორჟოლიანისთვის ენმ-ს თავმჯდომარეობის შეთავაზებას;
- მეორე დღეს, 17 ივნისს სააკაშვილმა თქვა, რომ თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი ჟორჟოლიანია.