ბრიტანელი პარლამენტარების ჯგუფმა დიდი ბრიტანეთის კულტურის მინისტრს, ლიზა ნენდის, ღია წერილი მისწერა და მოითხოვა, რომ „მაშა და დათვი“ ინტერნეტით ნაკადოვანი ჩვენებებიდან ამოიღონ, იტყობინება The Guardian-ი.
ამის მიზეზი გახდა Netflix-ის გადაწყვეტილება, შეეძინა ანიმაციური სერიალის ორი ახალი სეზონი და გაეფართოებინა მის ჩვენებაზე ლიცენზია 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ბრიტანულ ITVX-ზეც. Netflix-ზე რუსულ ანიმაციურ სერიალს უკვე 11 წელია აჩვენებენ.
წერილს ხელი მოაწერა პარლამენტის 50 დეპუტატმა ექვსი პარტიიდან. წერილში ნათქვამია, რომ მაშას ზოგიერთი გამოსვლა „პროპაგანდისტულია” და „განსაკუთრებული დახვეწილობით არ გამოირჩევა“. კონკრეტული საჩივრები ეხება ორ ეპიზოდს: ერთში მაშა ტანკისტის ჩაფხუტით ჩანს, ხოლო მეორეში კი - ქუდით, რომელიც „ენკავედეს“ (НКВД - შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) ქუდს ჰგავს.
ასევე ნახეთ
მხურვალე უკრაინოფობი, მსოფლმხედველობით იმპერიალისტი - რატომ თქვა უარი კიევმა ბულგაკოვზე?დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ეს „აქტიურად უწყობს ხელს საბჭოთა სამხედრო სიმბოლოების ნორმალიზებას მცირეწლოვანი ბავშვების მსოფლიო აუდიტორიისთვის“.
წერილის ავტორებს მოჰყავთ დეზინფორმაციასთან ბრძოლის უკრაინის ცენტრის კომენტარები, რომელთა თანახმადაც, „მაშა და დათვი“ „არა მხოლოდ ანიმაციური ფილმია, არამედ რუსული „რბილი ძალის” ინსტრუმენტია“, რომელიც „მაშას საქციელით სხვა ქვეყნების ტრადიციებს დასცინის და საბჭოთა სიმბოლოებისა და მილიტარისტული თემების ნორმალიზებას ახდენს“. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ცოტა ხნის წინ ანიმაციურ სერიალს „კრემლის რბილი ძალის ნაწილი“ უწოდა.
რუსული ანიმაციური სტუდია Animaccord-ი, რომელიც ანიმაციური სერიალის შემქმნელია, ყველა ბრალდებას უარყოფს. მისმა წარმომადგენელმა მელანი ბონვიჩინომ ბრალდებებს „ცრუ და ცილისმწამებლური“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიას არასდროს მიუღია სახელმწიფო დაფინანსება.