პატიმრობა შეეფარდა გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს

ეკა კუპატაძე და მისი შვილი, გიგა ავალიანი

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა გიგა ავალიანის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, გიორგი მალანიას.

ეს ბრალი 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებულის ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე აცხადებს, რომ არ არსებობდა გიორგი მალანიას დაკავებისა და პატიმრობის შეფარდების არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები და მოსამართლემ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა არასრულწლოვანს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა შეუფარდა:

"ჩვენ დავასაბუთეთ სასამართლო სხდომაზე, რომ ბრალდების დადგენილებაში ასახული დასაბუთება იყო მხოლოდ ვარაუდი და არ ეყრდნობოდა არცერთ პირდაპირ მტკიცებულებას. ვარაუდები, რომლებიც წარმოდგენილია ბრალდების შესახებ დადგენილებაში, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ფაქტობრივი საფუძვლების ჭრილში ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძების, პატიმრობის გამოყენებას.

რაც შეეხებოდა ფორმალურ საფუძვლებს, არ არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებებზე ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების პერიოდში არაერთხელ ფიქსირდება მისი თანამშრომლობა გამოძიებასთან. მას არაერთხელ აქვს მიწოდებული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოსთვის. თვეების განმავლობაში მას არ უცდია მიმალულიყო საქართველოს ფარგლებს გარეთ და ამავდროულად, არ არსებობს საქმეში არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ რომელიმე მოწმეზე მან რაიმე ზეგავლების მოხდენა სცადა. მოსამართლემ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება", - უთხრა ჟურნალისტებს სასამართლოდან გამოსულმა ადვოკატმა სხდომის დასრულების შემდეგ.

პროკურატურის განცხადებით, გიორგი მალანიას დაკავება "გადაუდებელი აუცილებლობის ნიადაგზე მოხდა", რადგან მათი მტკიცებით, ის მიმალვას აპირებდა.

სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომას ესწრებოდა 16 წლის ბრალდებულიც. ის შს მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას ვაჟია.

პროკურატურის ვერსიით, მოზარდის დახმარებით, ალექსანდრე გაბაშვილმა, დემეტრე ჩიქოვანმა და გიორგი რიკაძემ „გაარკვიეს მისი [გიგა ავალიანი - რ.თ] სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი“.

ალექსანდრე გაბაშვილი მსჯავრდებულია გიორგი რიკაძესთან ერთად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამო და 10 წელი და ექვსი თვე აქვთ მისჯილი.

გაბაშვილი გიგა ავალიანის მოსწავლის, ნია იმნაძის შეყვარებულია. გიგას მოსწავლე იყო გიორგი მალანიაც, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილი.

მერაბ მალანიას ცნობით, იმნაძე და მალანია ერთმანეთს იცნობდნენ, რადგან მათი ოჯახები ბავშვობიდან მეგობრობენ.

ის ადასტურებს, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, რომელიც მის ვაჟს „თვალით არ უნახავს“ მართლაც დაურეკა მის შვილს და „სალაპარაკოდ გაყოლა სთხოვა“; „არანაირ თავდასხმაზე საუბარი არ ყოფილა“.

„უთხრა, ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარს ანუ მის შეყვარებულს, არასათანადოდ ექცევა, ჩემი ინფორმაციითო. აქედან გამომდინარე მინდა დაველაპარაკოო და წამომყევიო. უცხო ადამიანთან ასე ვინ რეკავს, წამოდი და თავი გავუტეხოთ ვინმესო. ეს იყო მათ შორის კომუნიკაცია. ჩემი შვილი არ გაჰყვა იმიტომ, რომ ის ზოგადად არ არის ასე გაზრდილი“, - თქვა მერაბ მალანიამ.

გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო სხდომები დახურულია, რადგან დაკავებულები არასრულწლოვნები არიან.

საქმის მასალებზე დაყრდნობით დეტალებზე გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე საუბრობს.

მისი თქმით, „ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანია გაიცნო მას შემდეგ, რაც ნია იმნაძემ და ალექსანდრე გაბაშვილმა გიგას მკვლელობა დაგეგმეს“

ეკა კუპატაძე ნია იმნაძეს გიგა ავალიანზე თავდასხმის ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევს და მის დაკავებას მოითხოვს.

გიგა ავალიანის დედის მტკიცებით, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ ალექსანდრე გაბაშვილი გიორგი მალანიას გიგა ავალიანზე თავდასხმის დაგეგმვის მიზნით დაუკავშირდა.

მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ - რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.

ასევე ნახეთ

ვის მიუსაჯეს პატიმრობა და რატომ? - ყველაფერი, რაც გიგა ავალიანის საქმეზე ამ დრომდე ვიცით

28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ამბობს, რომ „საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხდართან კავშირში მყოფი ყველა პირის დაკავების პირობას დებს, მათ შორის ექიმების, პროკურორებისა და გამომძიებლების.

ასევე ნახეთ

რა ვიცით შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის 16 წლის დაკავებულ ვაჟზე გიგა ავალიანის საქმიდან?