გამოცემის ინფორმაციით, 1-დან 25 ივნისის ჩათვლით რუსეთში ბელარუსიდან 141 ათასი ტონა ბენზინი შევიდა, რაც თითქმის ორნახევარჯერ აღემატება მაისის მთელი თვის მაჩვენებელს. გასული წლის ივნისში კი იმპორტის მოცულობა სულ რაღაც 1 000 ტონას შეადგენდა.
ЦЦИ-ის მონაცემებით, ბელარუსმა რუსეთში გადაამისამართა საწვავის ნაწილი, რომელიც მანამდე ცენტრალური აზიის ქვეყნებში იგზავნებოდა. ამასთან, წლის დასაწყისიდან მკვეთრად შემცირდა ბელარუსული ბენზინის ტრანზიტი რუსეთის ტერიტორიის გავლით: 196 ათასი ტონიდან 24 ათას ტონამდე.
“ვედომოსტის” მიერ გამოკითხული ექსპერტების შეფასებით, იმპორტის ზრდა გარკვეულწილად შეამსუბუქებს რუსეთის საწვავის ბაზარზე შექმნილ კრიზისულ ვითარებას, თუმცა ბენზინის დეფიციტს სრულად ვერ აღმოფხვრის. ენერგეტიკის ექსპერტის, კირილ როდიონოვის შეფასებით, ბელარუსს თვეში დაახლოებით 150–170 ათასი ტონა ბენზინის ექსპორტი შეუძლია.
სააგენტო Reuters-ის მონაცემებით, ზაფხულის პერიოდში რუსეთში ბენზინის დღიური მოხმარება 110 ათას ტონას აჭარბებს.
ასევე ნახეთ
რუსეთს ბენზინი უმთავრდება?ბელარუსული საწვავის იმპორტი იზრდება იმ ფონზე, როდესაც უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს (НПЗ) რეგულარულად უტევენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ბენზინის შესყიდვა ასევე დაიწყო ინდოეთიდან. მოსკოვი პარალელურად ყაზახეთიდან საწვავის შესაძლო მიწოდების საკითხსაც განიხილავს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იგორ ანანსკიხმა ტელეკომპანია RTVI-ს განუცხადა, რომ საწვავის კრიზისის აქტიური ფაზა „რამდენიმე კვირის განმავლობაში“, „უეჭველად 1 სექტემბრამდე გაცილებით ადრე“ დასრულდება. მისი თქმით, მთავრობა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით სხვადასხვა ზომას იღებს, მათ შორის, რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დროებით ნება დართო აწარმოოს „ევრო-3“ სტანდარტის საწვავი.