სოხუმში ჩავიდა რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი

სერგეი ბეზრუკოვი

5 ივლისს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის სახალხო არტისტი, სერგეი ბეზრუკოვი, რომელსაც რუსეთ-საქართველოს საზღვრის ფსოუს გამშვებ პუნქტზე დახვდა რუსული დრამატული თეატრის გენერალური დირექტორი, ირაკლი ხინტბა.

6 ივლისს სოხუმში იხსნება „ბავშვთა დიდი ფესტივალის ექო“, რომელიც 10 ივლისამდე გაგრძელდება.

სერგეი ბეზრუკოვი ამ ფესტივალის ხელმძღვანელია.

პროგრამა მოიცავს ფესტივალის გამარჯვებული ფილმებისა და მულტფილმების უფასო ჩვენებებს აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიაში. სოხუმის რუსული დრამატული თეატრის სცენა კი დაეთმობა რუსეთის საუკეთესო ბავშვთა თეატრების ხუთ კლასიკურ და მუსიკალურ წარმოდგენას. ასევე გაიმართება ტრენინგები და მასტერკლასები სცენურ მოძრაობაში, ცეკვასა და ვოკალში, ხმის განვითარებისა და კოორდინაციის გაკვეთილები, შემოქმედებითი შეხვედრები და სემინარები ბავშვთა მწერლებთან და ილუსტრატორებთან.

სერგეი ბეზრუკოვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანმიმდევრული მხარდამჭერია. 2014 წლის მარტში, როცა რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, რუსეთის კულტურის მოღვაწეებმა ღია წერილით დაუჭირეს მხარი რუსეთის პრეზიდენტს.

მთლიანობაში წერილს ხელი მოაწერა 81 ადამიანმა, მათ შორის დირიჟორმა ვალერი გერგიევმა, პუშკინის მუზეუმის დირექტორმა ირინა ანტონოვამ, მსახიობმა სერგეი ბეზრუკოვმა, ვიოლონჩელისტმა იური ბაშმეტმა და სხვებმა.

ასევე ნახეთ

მაესტრო გერგიევის ლოიალობის ფასი

რუსეთის კულტურის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ კულტურის მოღვაწეებს არ შეუძლიათ გულგრილად ადევნონ თვალი მოვლენებს და რომ ისინი „მტკიცედ უჭერენ მხარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინისა და ყირიმის საკითხში.“

ამ წერილის გამო გაუქმდა სერგეი ბეზრუკოვისა და მისი თეატრის გასტროლები თბილისში, რომელიც 2014 წლის მაისში უნდა შემდგარიყო.

მსახიობი პუტინის მხარდამჭერად დარჩა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგაც, რის გამოც რამდენიმე ქვეყნის სანქციების სიაში მოხვდა.

სერგეი ბეზრუკოვი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი თეატრისა და კინოს მსახიობია. მისი ყველაზე ცნობილი როლებია:

საშა ბელოვი სერიალ "ბრიგადაში", იეშუა ჰა-ნოცრი "ოსტატი და მარგარიტა", ესენინი, პუშკინი "უკანასკნელი დუელი - ალექსანდრე პუშკინი", ვლადiმირ ვისოცკი "მადლობა, რომ ცოცხალი ხარ - ვლადიმირ ვისოცკი" და სხვა.


ასევე ნახეთ

ევროკავშირის სანქციები მოსკოვის მერზე და ცნობილ მსახიობებზეც გავრცელდება

ასევე ნახეთ

კანადამ სანქციები დაუწესა კრემლის პროპაგანდისტებს, მათ შორის თინა კანდელაკს