გამოცემა „აქსიოსის“ ცნობით, ვაშინგტონი ემზადება ირანთან მრავალდღიანი და „შესაძლოა მრავალკვირიანი“ სამხედრო დაპირისპირებისთვის ჰორმუზის სრუტის გამო.
ირანული მედია, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსზე (IRGC) დაყრდნობით, ავრცელებს ცნობებს ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე საპასუხო დარტყმების შესახებ.
ვრცელდება აგრეთვე IRGC-ს განცხადება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის თავდასხმის სამიზნეებს შორის იყო “ორი ხიდი, ქვეყნის [ირანის - რ.თ.] აღმოსავლეთ პროვინციებში, რომლებიც წმინდა ქალაქ მეშჰედისკენ მიმავალ გზაზეა, იმისათვის, რომ ჩრდილი მიეყენებინა წამებულ ლიდერთან გამომშვიდობების ცერემონიისთვის”.
ასევე ნახეთ
ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმება „დასრულებულია“ დარტყმების განახლების შემდეგ“ირანის ცივილიზებული და მამაცი ხალხისადმი დამამცირებელი მიმართვა არ აკნინებს მის სიდიადეს. ირანელები ცნობილი არიან თავიანთი ცივილიზებულობით, კულტურითა და ძლიერი მორალური ღირებულებებით. ჩვენ არ ვპასუხობთ ვულგარულობით, არამედ მოქმედებით: უშიშრად და დიდი სიმამაცით“, - ასე უპასუხა პლატფორმა X-ზე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა 8 ივლისს დაიწყეს დამატებითი დარტყმები ირანის სამიზნეებზე - „მათი შესაძლებლობების გასანადგურებლად, რომ საფრთხე აღარ შეუქმნან ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ ნავიგაციას“.
ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ „პასუხს აგებინებს ირანს სავაჭრო გემებისა და სამოქალაქო ეკიპაჟების წინააღმდეგ ბოლო დროს უსაფუძვლოდ განხორციელებული აგრესიის გამო“.
მანამდე, ოთხშაბათსავე, ანკარაში ნატოს სამიტზე მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება “დასრულდა” და “ღამით მძიმე დარტყმით” დაემუქრა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობა “ნაძირალები”, “მატყუარები” და “შეშლილები” არიან.
ასევე ნახეთ
არღვევს თუ ვაშინგტონთან შეთანხმება ირანის ელიტის კონსენსუსს?ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ცნობები აფეთქებებზე საპორტო ქალაქებში - ბანდარ აბასი, კონარაკი და ჩაბაარი.
დაზვერვის მონიტორინგის ღია წყარომ OSINTdefender-მა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა დადასტურებული ვიდეო, რომელზეც ასახული იყო აფეთქებები საპორტო ქალაქ ჩაბაარში და აგრეთვე იუწყებოდა დარტყმებზე ქალაქ სისთანსა და ბალუჩისტანში.
აშშ-მა 7 ივლისს დაიწყო სამხედრო თავდასხმა ირანის სამიზნეებზე - მას შემდეგ, რაც თეირანი დაადანაშაულა ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებზე თავდასხმებში. სამხედრო დარტყმების განახლებამდე, ვაშინგტონმა აღადგინა ირანის ნავთობით ვაჭრობაზე სანქციები.
8 ივლისს თვითმფრინავში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებში, რატომ უნდა გაეხსნა ირანს ცეცხლი სავაჭრო გემებისთვის, დონალდ ტრამპმა უპასუხა: "ვინაიდან ისინი რაღაცნაირი გიჟები არიან, გულწრფელად რომ გითხრათ... ცოტათი კონტროლი აქვთ დაკარგული, მაგრამ ძალიან უნდათ შეთანხმება".