ირაკლი დგებუაძე შსს-ში ახალ თანამდებობაზე დანიშნეს

ირაკლი დგებუაძე, რომლისთვის სილის გაწვნის გამოც მზია ამაღლობელი 2 წლით ციხეშია, ახალ თანამდებობაზე დანიშნეს

ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი დგებუაძე, - პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ფიგურირებდა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში და რომელსაც ამაღლობელმა სილა გააწნა, - შსს-ში ახალ პოზიციაზე დანიშნეს.

ის ამ დრომდე ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა, ახლა კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. უფრო ზუსტად:

  • ირაკლი დგებუაძე, - რომელსაც პოლკოვნიკის რანგი აქვს, - დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად.
  • ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესცენტრში 2026 წლის 9 ივლისს დაუდასტურეს.

ბათუმის პოლიციის უფროსად 2022 წელს დანიშნული დგებუაძე 2025 წლის სექტემბრიდან აღარ იკავებდა ამ პოსტს.

სექტემბერში იგი თბილისში გადაიყვანეს და დანიშნეს „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე“.

მას შემდეგ ამ დრომდე დგებუაძე რამდენიმე თვის განმავლობაში იკავებდა შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას.

ასევე ნახეთ

ირაკლი დგებუაძე შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსად დანიშნეს

დგებუაძე მზია ამაღლობელის საქმეში

  • „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მიუთითებდა, რომ დაკავების შემდეგ დგებუაძე მას არაადამიანურად მოექცა ბათუმის პოლიციის შენობაში, არაერთი პოლიციელის თანდასწრებით.
  • კერძოდ, ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
  • დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა.

ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად ცნეს ამაღლობელის საქმეზე - ის ამბობდა, რომ მზია ამაღლობელის „საკმაოდ ძლიერმა“ სილამ „ტკივილი მიაყენა“ და ლოყასთან ერთად, ყურიც გაუწითლა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ევროკავშირმა მკაცრად დაგმო ეს განაჩენი და ხელისუფლებას ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

პატიმრობაში ყოფნისას და ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობა შეირყა. ჟურნალისტმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.

2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.