სუსი: 4 ოქტომბრის „დივერსიის“ დაგეგმვაში ბრალდებული კაცი სომხეთის საზღვართან დავაკავეთ

სუსმა დააკავა 4 ოქტომბრის მოვლენების პარალელურად „დივერსიის დაგეგმვაში“ ბრალდებული პირი - სავარაუდოდ, ბექა ჭულუხაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმესთან და „დაგეგმილ დივერსიასთან“ დაკავშირებით სომხეთის საზღვართან დააკავეს ძებნილი მოქალაქე.

ამის შესახებ სუსის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძემ პარასკევს, 2026 წლის 10 ივლისს, საღამოს 21:30 საათისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დაკავებული, სავარაუდოდ, არის ბექა ჭულუხაძე, რომელსაც 2025 წლის 7 ოქტომბერს წარუდგინეს ბრალი და რომელსაც ედავებიან, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, ტყეში იარაღსა და საბრძოლო მასალას მალავდა 4 ოქტომბრის აქციის პარალელურად „დივერსიული აქტების“ ჩატარების მიზნით.

რა თქვეს სუსში

სუსის უფროსის მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, ამ უწყების თანამშრომლები „ბოლო 4 დღის განმავლობაში“ ამზადებდნენ ოპერაციას, რის შედეგადაც „ძებნილი მოქალაქე“ დააკავეს.

ის დააკავეს საქართველო-სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში.

მას ბრალად ედება 4 ოქტომბრის მოვლენების პარალელურად, - რასაც ხელისუფლება გადატრიალების მცდელობად აფასებს, - „დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა“.

„დივერსიული აქტები“ - რა თქვეს ოქტომბერში

სუსმა 5 ოქტომბერს, - არჩევნებისა და პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დემონსტრანტების ნაწილის შეჭრის მცდელობის მომდევნო დღეს, - განაცხადა, რომ მცხეთაში, ტყეში იპოვეს საბრძოლო მასალა, რომლის გამოყენებითაც „4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, უნდა განხორციელებულიყო დივერსიული აქტები“.

სუსმა მაშინ ასევე განაცხადა, რომ ბრალდებულმა აღნიშნული საბრძოლო მასალა და იარაღი შეიძინა „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით“, - თუმცა არც მისი ვინაობა და არც დანაყოფი არ დაუსახელებია.

„უკრაინაში მებრძოლის მითითებით“

დღეს ლაშა მაღრაძემ გაიმეორა, რომ გამოძიების ვერსიით, ბრალდებულს მასალა შეძენილი ჰქონდა „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით“.

აქ კონკრეტულად ვის გულისხმობს გამოძიება, დღემდე არ არის საჯაროდ დაზუსტებული.

„დაკავებულს შეძენილი ჰქონდა ზემოთ ხსენებული საბრძოლო მასალა, რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს, საჭიროების შემთხვევაში, დივერსია უნდა მოეწყოთ“, - განაცხადა დღეს ლაშა მაღრაძემ.

„როგორც გახსოვთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, გასული წლის 4 ოქტომბერს ასევე მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალებაც, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადაეტანათ“, - თქვა სუსის მაღალჩინოსანმა.

ასევე ნახეთ

სუსი: 4 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო დივერსიული აქტები. დაკავებულია ერთი პირი, ამოღებულია საბრძოლო მასალა

სუსმა ოქტომბერში ასევე განაცხადა, რომ უწყების თანამშრომლების გატარებული „პრევენციული ღონისძიებების შედეგად“ გაანეიტრალეს იმ პირთა წრე, რომლებსაც, „სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ“.

დღესაც არ დაუზუსტებიათ, რას გულისხმობს „განეიტრალება“; სხვა პირთა დაკავებაზე არც ოქტომბერსა და არც ახლა ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

ამასთან, სუსი 6 ოქტომბერს აცხადებდა, რომ იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც „ბ.ჭ.-ის შეკვეთით დაამზადა დეტონატორის პულტი“, ის „უკვე მოყვანილია უსაფრთხოების სამსახურში და მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“.

ასევე ნახეთ

ბრალი წარუდგინეს სუსის მიერ დასახელებულ კაცს, რომელიც, უწყების მტკიცებით, დივერსიას გეგმავდა

„ამოღებული იარაღი“

პროკურატურა ოქტომბერში წერდა, რომ სუსის გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ამ მოქალაქემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მოგვიანებით მცხეთის მუნიციპალიტეტში, ტყეში დამალა შემდეგი იარაღი და საბრძოლო მასალა:

  • „ტყვიამფრქვევი,
  • დიდი რაოდენობით ვაზნები,
  • ყუმბარმტყორცნი,
  • ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები,
  • ფეთქებადი ნივთიერება - ტროტილი,
  • ასაფეთქებელი მოწყობილობები - 3 ელექტროდეტონატორი,
  • ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი“.

ვინ არის და რას ამბობდა ჭულუხაძე

ბექა ჭულუხაძე არის ყოფილი ძალოვანი, მედიის თანახმად, ქართველი მებრძოლი უკრაინაში, რომელიც ბრალდებას უარყოფდა.

„არანაირი შეხება მე მაგ იარაღთან არა მაქვს და ეგ არის სრული სიცრუე“, - განუცხადა „ტვ პირველს“ ჭულუხაძემ ინტერვიუში, რომელიც 2025 წლის 15 ნოემბერს გავიდა ეთერში.

„გვებრძვიან იმ ადამიანებს, რომლებიც ვებრძვით რუსეთს, საქართველოს მტერს“, - თქვა მან.

„ყველაფერში აბსურდს ვხედავ. რანაირად შეძლებს ადამიანი, როდესაც იმყოფება სხვა ქვეყანაში, რამდენიმე ათასი კმ-ით იქით, საქართველოში ტერაქტის მოწყობას. არ არსებობს“, - ამბობდა ის.

ბექა ჭულუხაძის სახელი საჯაროდ პირველად 2024 წელს გაჟღერდა, - როდესაც ბიძინა ივანიშვილის „მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე“ გამოჰკითხეს.

2024 წლის 1 აგვისტოს პროსახელისუფლებო არხმა „იმედმა“, - რომელსაც 2026 წელს ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა, - გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის „მკვლელობის მომზადების საქმეზე“ გამოიკითხა ბექა ჭულუხაძე.

ჭულუხაძემ მაშინ თქვა, რომ გამოკითხვაზე ჰკითხეს გია ლორთქიფანიძესა და მამუკა მამულაშვილთან ნაცნობობაზე, - რომლებსაც, მისი თქმით, არ იცნობს.

  • გია ლორთქიფანიძე, - რომელიც წარსულში საქართველოს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო, - ახლა უკრაინის ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსანია.
  • მამუკა მამულაშვილი კი არის უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური. მასზე რუსეთის ფედერაციას ძებნა აქვს გამოცხადებული.

ასევე ნახეთ

მაცივრების გამო? - უკრაინამ საქართველოდან დროებითი რწმუნებულიც გაიწვია