ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, მარცვლეულის სექტორში მომუშავე ორ წყაროზე დაყრდნობით. წყაროები არ აზუსტებენ, როდის შეიძლება განახლდეს მოძრაობა.
10 ივლისის ღამეს უკრაინის დრონებმა დარტყმები განახორციელეს აზოვზე, ტაგანროგზე, აზოვისა და მატვეევო-კურგანსკის რაიონებზე რუსეთის როსტოვის ოლქში. შეტევების შედეგად აზოვში ხანძრები გაჩნდა ნავთობის პროდუქტების ორ საწყობში - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესენია აზოვის ნავთობის ბაზა ("როსნეფტი") და ნავთობის ბაზა "დონტერმინალი". ტაგანროგში ხანძარი გაჩნდა საზღვაო პორტის ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნის "როსნეფტს". ტაგანროგის მესვეურებმა გამოაცხადეს ამ ზონიდან ხალხის ევაკუაციის შესახებ.
გარდა ამისა, უკრაინის დრონებმა ღამით და 10 ივლისის დღის საათებში აზოვის ზღვაში დარტყმები განახორციელეს რუსეთის 13 ხომალდზე, მათ შორის 10 ტანკერზე. ეს ცნობა გაავრცელა უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების სამმართველოს ხელმძღვანელმა რობერტ ბროვდიმ.
ბოლო დღეებში აზოვის ზღვაში და შავ ზღვაში რუსეთის ათობით ხომალდი გახდა იერიშების სამიზნე - ეს ძირითადად მცირე ზომის ხომალდები, რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ყირიმში ცდილობდნენ საწვავის ჩატანას. ბროვდის მონაცემებით, მათი რიცხვი 48-ს გაუტოლდა. უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებდა, რომ ხომალდები, რომლებზეც დარტყმები განხორციელდა, გამოიყენებოდა რუსეთის არმიის მომარაგებისთვის და საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით ნავთობისა და ნავთობის პროდუქტების გადაზიდვებისთვის.
Reuters-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების შეფასებით, არხის მუშაობის გაჩერება შესაძლოა შეეხოს რუსეთის მარცვლეულის ექსპორტის დაახლოებით მეოთხედს, რაც აზოვის ზღვაზე მოდის.