აშშ ირანისგან მოითხოვს საჯარო აღიარებას, რომ მან ურთიერთგაგების მემორანდუმი დაარღვია ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო ხომალდებისთვის ცეცხლის გახსნით - რამაც ამ კვირაში გამოიწვია აშშ-ის მხრიდან დარტყმები ირანის ტერიტორიაზე განთავსებულ სამიზნეებზე და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღარ მოქმედებს. ამ ცნობას ავრცელებს მედიაკომპანია CBS-ი, აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
ტელეარხის მონაცემებით, იგივე წყარო ამბობს, რომ კერძო საუბრებში ირანის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს "შეცდომის" დაშვება ხომალდებისთვის ცეცხლის გახსნით.
საჯაროდ ირანს ეს არ უთქვამს. პირიქით, თეირანი აშშ-ს სდებს ბრალს მემორანდუმის დარღვევაში. კერძოდ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ დაწერა, რომ შეთანხმება დაარღვია აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებით.
აშშ-მა 10 ივლისს მასშტაბური სანქციები შემოიღო ირანელი ბიზნესმენის წინააღმდეგ, რომელსაც ადანაშაულებენ გლობალური ფინანსური ქსელის მართვაში ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეისთვის. საქმე ეხება დუბაიში მცხოვრებ პირს, ალი ანსარის. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს და სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ანსარიმ შექმნა აქტივების გლობალური პორტფელი, რომელიც მოიცავს გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ესპანეთს, კვიპროსს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და სხვა იურისდიქციებს. ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს ქსელი იყო ფინანსური ინსტრუმენტი ირანის მმართველი ელიტისთვის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებისთვის. სანქციები შეეხო ასევე ვალუტის გადაცვლის სფეროში მომუშავე სამ ირანულ კომპანიას. ეს ირანის წინააღმდეგ შემოღებული პირველი სანქციებია მას მერე, რაც ივნისის შუა რიცხვებში ხელი მოეწერა შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებაზე მიმართულ მემორანდუმს.
შაბათს არაყჩი ომანში ატარებს მოლაპარაკებებს. CBS-ი წერს, რომ საუბარი შესაძლოა შეეხოს აშშ-ირანის მოლაპარაკებების ახალ რაუნდს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ცნობა არ გავრცელებულა. ერთი დღით ადრე ტრამპმა დაწერა, რომ დათანხმდა ირანის წინადადებას მოლაპარაკებების გაგრძელებაზე - მაგრამ კვლავ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დასრულებულად მიიჩნევს. იუწყებიან, რომ ტრამპმა მოლაპარაკებაში მონაწილე ჯგუფს ამ პროცესის გაგრძელება დაავალა.
მემორანდუმი ითვალისწინებდა საბრძოლო მოქმედებების დასრულებას, ჰორმუზის სრუტის 60 დღით გახსნას, და ამ პერიოდში მოლაპარაკებების წარმოებას საბოლოო სამშვიდობო გადაწყვეტისთვის, ასევე ირანის წინააღმდეგ სანქციების ნაწილობრივ შემსუბუქებას. თუმცა ირანის ძალებმა რამდენიმე იერიში განახორციელეს ხომალდებზე ჰორმუზის სრუტეში, რასაც აშშ-ისგან საპასუხო დარტყმები მოჰყვა.
ასევე ნახეთ
ტრამპი: აშშ გააგრძელებს ირანთან მოლაპარაკებას, მაგრამ ზავი დასრულებულია