წუხელ, 11-12 ივლისის ღამეს, რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს კრივოი-როგის სამრეწველო საწარმოზე. დაიღუპა ორი ადამიანი. ამის შესახებ იტყობინება ქალაქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ოლექსანდრ ვილკული. საწარმოს გარდა დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც.
დრონებით შეუტიეს ასევე დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონს, სადაც დაიღუპა 66 წლის ადგილობრივი მცხოვრები, იტყობინება უკრაინის ხელისუფლება. დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა, კერძო სახლები, სამეურნეო შენობა და სატვირთო მანქანა. ქალაქ დნეპრში დარტყმა განხორციელდა კვების მრეწველობის საწარმოზე.
ხერსონში, რუსეთის მიერ რაიონ კორაბელნიზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და სამი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ შანკომ.
კვირას დილით რუსეთის ჯარებმა ორჯერ მიიტანეს იერიში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხერსონში. უპილოტო საფრენმა აპარატებმა დაარტყეს სამარშრუტო ტაქსის და გაჩერებას. სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიჭრა.
ხარკოვზე რუსეთის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 16 წლის გოგონა, იტყობინება ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის უფროსი ოლეჰ სინეგუბოვი. ხარკოვის მერი იჰორ ტერეხოვი წერს, რომ ქალაქის შევჩენკოს რაიონში დაზიანებულია 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, კიევის რაიონში კი ცეცხლი გაუჩნდა გარაჟების კოოპერატივს.
11-12 ივლისის ღამით რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე იერიში მიიტანეს 13 რაკეტითა და სხვადასხვა ტიპის 115 დრონით. წუხელ არ ყოფილა ბალისტიკური რაკეტებით იერიში. დაფიქსირებულია ორი მართული საავიაციო ბომბისა და 19 მოიერიშე დრონის მოხვედრა 12 წერტილში, იტყობინებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალები.