ზელენსკის თქმით, შეიცვლება პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი

იულია სვირიდენკო. კიევი, 17 ივლისი, 2025.

უკრაინას მინისტრთა ახალი კაბინეტი ეყოლება და პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო ახალ თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ 12 ივლისს განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მას ცვლილებები პირდაპირ არ დაუკონკრეტებია, თუმცა მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ სვირიდენკო პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს და მისი ამოცანა გახდება უკრაინის ერთ-ერთ საკვანძო უცხოელ პარტნიორთან ურთიერთობების კოორდინაცია. ზელენსკის არ დაუწერია, ვინ შეიძლება შეცვალოს იგი. უკრაინის პრეზიდენტმა პოლიტიკური სტრატეგიის შეცვლისა და საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც ზელენსკიმ დაწერა, საგარეო პოლიტიკის თითოეულ პრიორიტეტულ სფეროზე პასუხისმგებელი იქნება კონკრეტული პირი, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. საკვანძო სფეროებს შორის ზელენსკიმ დაასახელა ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, მეზობელ ქვეყნებთან (პირველ ყოვლისა პოლონეთთან და უნგრეთთან), ახლო აღმოსავლეთთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და ჩინეთთან. ზელენსკიმ ასევე გამოაცხადა, რომ ცვლილებები მოხდება სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობაში.

„მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იულიას მკაფიო, სტაბილური და ეფექტიანი მუშაობისთვის, უკრაინის გუნდში მრავალწლიანი პროდუქტიული მუშაობისთვის და მე შევთავაზე მას შესაძლებლობა, უხელმძღვანელოს ახალ მნიშნველოვან მიმართულებას საკვანძო პარტნიორთან ურთიერთობებში,“ დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

იულია სვირიდენკო უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელი გახდა ერთი წლის წინ, 2025 წლის ივლისში. მანამდე მას ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა. სვირიდენკოს ჯერ არ გამოუცხადებია თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. კანონის თანახმად, ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა წარადგინოს უმრავლესობამ უმაღლეს რადაში. რადაში უმრავლესობას პრეზიდენტის მხარდამჭერები ფლობენ.

უკრაინული მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე განიხილება ოთხი კანდიდატი, მათ შორის სერჰი კორეცკი, „ნაფტოჰაზის“ საბჭოს თავმჯდომარე და „უკრნაფტას“ დირექტორი (ზელენსკიმ კვირას დაწერა, რომ ის მას შეხვდა, მაგრამ შესაძლო დანიშვნა არ უხსენებია); ასევე ენერგეტიკის მინისტრი დენის შმიჰალი, რომელიც ადრე პრემიერ-მინისტრი იყო და რომლის ადგილიც სვირიდენკომ დაიკავა; თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი და ხარკოვის მერი იჰორ ტერეხოვი.

ასევე ნახეთ

დმიტრო კულება Patriot-ების დეფიციტზე, პოლონეთთან კრიზისზე და ზელენსკი-ბუდანოვის პარტნიორობაზე