უკრაინას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

16 ივლისს უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრად სერჰი კორეცკის დანიშვნას.

უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრად სერჰი კორეცკის დანიშვნას. მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს 15 ივლისს წარუდგინა.

16 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად, პარლამენტი ხმათა უმრავლესობით(289 მომხრე) დაეთანხმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრად სერჰი კორეცკის დანიშვნის შესახებ.

48 წლის კორეცკი მანამდე ხელმძღვანელობდა ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზს“.

ორი დღით ადრე, 14 ივლისს უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან იულია სვირიდენკოს გათავისუფლებას, რასაც ავტომატურად მოჰყვა ყველა მინისტრის გადადგომა. საკადრო ცვლილებების ინიციატორი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო.

ასევე ნახეთ

“ნორმალური ადამიანი, რომელიც არ მოიპარავს“ - ვინ არის სერჰიი კორეცკი, რომელიც უკრაინის პრემიერობის მთავარი კანდიდატია?

16 ივლისს სერჰი კორეცკიმ პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობის პრიორიტეტები იქნება თავდაცვის ძალების სრულად უზრუნველყოფა, უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პოტენციალის გაზრდა და მოსახლეობის მხარდაჭერა და სოციალური დაცვა განსაკუთრებით ფრონტის ხაზთან მდებარე რაიონებში.

უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრისთვის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ქვეყნის მომზადება მომავალი ზამთრისთვის, რომელიც კორეცკის შეფასებით, შესაძლოა, წინა წლებზე უფრო მძიმე იყოს. უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის ინტენსიური დარტყმებით გამოწვეული ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთარში მწვავდება.

სერჰი კორეცკიმ სხვა პრიორიტეტებს შორის დაასახელა ბიზნესის მხარდაჭერა ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და მათი დახმარების ეფექტიანად გამოყენება.

ასევე ნახეთ

უკრაინაში აქციებია თავდაცვის მინისტრად მიხაილო ფედოროვის დარჩენის მოთხოვნით