„ქალთა მოძრაობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ნატა ვიბლიანს, რომელმაც გამბედაობა გამოიჩინა და საჯაროდ ისაუბრა ბავშვობაში მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ“, - წერია განცხადებაში.
„ყველაზე მძიმე და დაფარული დანაშაული“
მოძრაობის თანახმად, ბავშვზე სექსუალური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და, ამავდროულად, ყველაზე დაფარული დანაშაულია:
- „საქართველოში დღემდე უცნობია მისი რეალური მასშტაბი, რადგან სახელმწიფოს არ შეუქმნია პრევენციის, გამოვლენისა და გადარჩენილთა მხარდაჭერის ეფექტიანი სისტემა.
- მეტიც, ბოლო წლებში თანმიმდევრულად იზღუდება იმ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა და რესურსები, რომლებიც ბავშვთა და ქალთა უფლებებს იცავენ და ძალადობაგამოვლილ ადამიანებს დახმარებას უწევენ. ეს გარემო ხმის ამოღებას კიდევ უფრო ართულებს“, - წერს ქალთა მოძრაობა.
უფლებადამცველების თანახმად, ქალის მონათხრობი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ „დუმილი არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ მომხდარა“.
„დუმილი ხშირად ტრავმის, შიშის, სირცხვილის თავსმოხვევის, საზოგადოებრივი ზეწოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის შედეგია. სწორედ ამიტომ, თითოეულ ხმას, რომელიც დუმილს არღვევს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“.
რა უნდა ქნას ხელისუფლებამ
ქალთა მოძრაობა მოუწოდებს საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ საქმის დამოუკიდებელი, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება. ასევე:
- „გამოიკვლიონ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებული ყველა გარემოება და ფაქტი;
- გამოძიების ყველა ეტაპზე დაიცვან დაზარალებულზე ორიენტირებული და ტრავმაზე მგრძნობიარე მიდგომა — მათ შორის, თავიდან აიცილონ ხელახალი ტრავმირება განმეორებითი დაკითხვებითა და არასაჭირო პროცედურებით;
- მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა ნატა ვიბლიანის უსაფრთხოების, ღირსების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად;
- დროულად და სრულად მიაწოდონ დაზარალებულ მხარეს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“.
ასევე ნახეთ
ნატა ვიბლიანის მონათხრობზე გამოძიება დაიწყო - გამოავლენენ ბრალდებულებს 35 წლის შემდეგ?35 წლის შემდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო 90-იან წლებში სვანეთში 9 წლის ბავშვის სისტემატური გაუპატიურების შემთხვევაზე.
გაუპატიურების საქმეს (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი) იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.
ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო გვეუბნება, რომ პოლიციამ უკვე დაკითხა ის ადამიანები, რომლებმაც, შესაძლოა, ამ ისტორიის შესახებ რამე იცოდნენ.
ერთი თვის წინ დაუკავშირდა გამომძიებელი 43 წლის ნატა ვიბლიანს, ქალს, რომელიც ამბობს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.