ევროკავშირმა შეათანხმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი

ევროკავშირის დროშები ევროკომისიის შენობასთან, ბრიუსელში

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა შეათანხმეს სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უნდა ამოქმედდეს უკრაინაში ომის გამო.

ახალი სანქციები ძალაში შევა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიერ დამტკიცებისა და ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ.

ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, სანქციები შეეხება კიდევ 32 რუსულ ბანკს. ასევე, კრიპტოვალუტის კომპანიებს და ნავთობით ვაჭრობის პლატფორმებს. ერთი წლით გაგრძელდება რუსული ნავთობის ფასისთვის დაწესებული ზედა ზღვარი (საბაზრო ღირებულებაზე 15%-ით ნაკლები), რომლის ზემოთაც ევროპულ ტანკერებს, სადაზღვევო კომპანიებს და ბანკებს ეკრძალებათ რუსული ნავთობის ტრანსპორტირება, დაზღვევა და დაფინანსება.

სანქციების 21-ე პაკეტი ვრცელდება გემებზეც, რომლებიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეხმარებიან.

ევროკომისიის პრეზიდენტის ცნობითვე, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილე რუსებისთვის ევროკავშირში ჩასვლის ასაკრძალად.

სააგენტო Reuters-ის წყაროთა ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს გამონაკლისს, რომლის საფუძველზეც ისევ შესაძლებელი იქნება რუსული გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება მესამე ქვეყნებში. ამის აკრძალვას საბერძნეთი ეწინააღმდეგებოდა და გამონაკლისის დაშვების შემდეგ დასთანხმდა სანქციების 21-ე პაკეტის მიღებას. საბერძნეთი ევროპაში უმსხვილესი საზღვაო გადამზიდველია.

ასევე ნახეთ

რუსეთის პატრიარქი და „ლუკოილის” დამფუძნებელი ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოიღეს

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი მიმართულია საერთო ჯამში, 200-ზე მეტი იურიდიული და კერძო პირის წინააღმდეგ.

მათ შორის აღარ არის რუსეთის პატრიარქი კირილე, რომელიც თავდაპირველი სიიდან ამოიღეს ბულგარეთის მოთხოვნით.