რა მოხდა შანიძეზე, რასაც 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა - შევეცადეთ აღგვედგინა სურათი

ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი.

შანიძის 13-თან, წითელი აგურის სახლის ფანჯრების გისოსებზე ჯერ ისევ შერჩენილია პოლიციის ყვითელი ლენტები, რომლებიც წუხელ, 22 ივლისის საღამოს, მას შემდეგ გააბეს, რაც რამდენიმე მეტრით ზევით, კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი ადამიანი დაჭრა. მათ შორის ერთი, 17 წლის მოზარდი, კლინიკაში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის ნიკა კაპანაძე, კაცი, რომელმაც შანიძის ქუჩაზე ცეცხლი გაუხსნა ახალგაზრდებს, სამართალდამცავებმა მისი ოჯახის კუთვნილ სასტუმროში, შანიძის ქუჩაზე დააკავეს.

სასტუმრო შანიძის ქუჩაზე, რომლის წინაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა 42 წლის კაცმა და დაჭრა ოთხი ადამიანი. 23 ივლისი, 2026 წელი

სასტუმროს მთავარი შესასვლელი დაკეტილია. შენობაში შესვლა უკანა, ღია კარიდან შევძელით. სასტუმროს ერთ-ერთი ნომრის კარი მექანიკურადაა დაზიანებული, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კაცი სწორედ იქ დააკავეს. თუმცა რადიო თავისუფლებას ამის დადასტურება ამ ეტაპზე არ შეუძლია.

სასტუმროს ერთ-ერთი ნომრის დაზიანებული კარი. 23 ივლისი, 2026 წელი

სასტუმროში, რომელიც, სავარაუდოდ, არაა მოქმედი, ქალი დაგვხვდა, რომელმაც გასაუბრება არ ისურვა და იქაურობა სწრაფად დატოვა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, ბრალდებული კაცის დედა იყო, რომელიც, ადგილობრივების ინფორმაციით, ამ სასტუმრობს მფლობელია.

მოგვიანებით, ტვ პირველმა გაავრცელა ბრალდებული კაცის დედის, დოდო ოდიაშარია აუდიო-კომენტარი, სადაც ქალი ამბობს, რომ მისი შვილი ფლობდა იარაღს, რომელიც მისივე თხოვნით პოლიციამ 4 წლის წინ ჩამოართვა, თუმცა, როგორც ის ამბობს, იარაღი კაცს მალევე დაუბრუნეს უკან.

ქალი ამბობს, რომ წლების წინ, მის შვილს გამოწერილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერიც:

"ერთთვიანი შემაკავებელი დაუწერეს. კი არ შემხებია, სკამებს ამტვრევდა. მაშინ ვუთხარი პოლიციიას, ეს ვერ არის კარგად და წაიღეთ ეს იარაღებითქო. წაიღეს და უკან დააბრუნეს. 4 წელია იმის მერე. ისე სამი იარაღი აქვს, რომელიც გაფორმებული აქვს ძველი, ხმარებაში ახლა ერთი ჰქონდა".

დოდო ოდიშარიას თქმით, მისი შვილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით კლინიკაშიც მკურნალობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 ივლისს განაცხადა, რომ ბრალდებულმა სამართალდამცველებს „შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია“ და დაკავებისას „ხელის თითებზე დაზიანება მიიღო“.

ამჟამად ის ალადაშვილის კლინიკაში იმყოფება:

„23 რიცხვში, 00:34 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ შემოიყვანა 42 წლის მამაკაცი, დაზიანება იყო მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში, ამპუტირებული იყო თითი, მარჯვენა მტევნის არეშიც იყო, თუმცა იქ ზედაპირული ტრავმები იყო პაციენტთან. ჩატარდა შესაბამისი კვლევები“, - ეუბნება ექიმი ჟურნალისტებს.

სად მოხდა გასროლა?

ადგილობრივები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ სწორედ სასტუმროსთან, შანიძის 31 ნომერთან, ესროლა კაცმა ახალგაზრდებს.

ნიკა კაპანაძის მეზობლის თქმით, მან დაახლოებით 7-8 გასროლის ხმა გაიგო:

„აქვე ვმუშაობ, კაფეში. გასროლის ხმა გავიგე. არ დამინახავს საიდან ისროლა, მაგრამ ვიცი, რომ გასროლა მოხდა სწორედ მისი სასტუმროსა და საცხოვრებელი სახლის წინ, აქვე, ნაგვის ურნებთან. ბიჭები ისხდნენ მანქანაში, მანქანა ინერციით დაეშვა ქვევით და შანიძისა და ხორავას კუთხეში გაჩერდა.

მეზობლები ამბობენ, რომ თითქოს, სანამ ისროდა, ბიჭებს მანამდე უთხრა, ნუ ხმაურობთო. ეს ადამიანი წლებია ასე ერჩოდა ყველას, ვინც ან ხმამაღლა გაიცინებდა, ან მუსიკას ჩართავდა. აგერ, წინა კორპუსში უყვიროდა ხოლმე ხალხს, ნუ ხმაურობთ, მუსიკას ნუ უსმენთო. უყვიროდა ხოლმე და ემუქრებოდა. სულ მქონდა განცდა, რომ მისი ასეთი საქციელი ცუდად დასრულდებოდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბრალდებული კაცის მეზობელი.

„მანქანა შანიძისა და ხორავას ქუჩაზე იყო გაჩერებული“

შანიძისა და ხორავას კვეთა, სადაც დაჭრილი ახალგაზრდების მანქანა გაჩერდა. 23 ივლისი, 2026 წელი

ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან სკოლა წელს დაამთავრა და უმაღლესში ჩააბარა. 18 წლის პირველ აგვისტოს ხდებოდა.

მასთან ერთად დაჭრილ კიდევ ორ ახალგაზრდას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა:

„დაახლოებით 22:00 საათზე ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმოიყვანა ორი ახალგაზრდა ბიჭი, ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის არეში, მეორეს მარცხენა მტევნის არეში. 17-18 წლის ბიჭები არიან. ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ოპერაციული მკურნალობა გუშინვე. დღევანდელი დღის მდგომარეობით, ორივე არის სტაბილური, მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებს ხეჩინაშვილის კლინიკის წარმომადგენელი.

თიკო კვალიაშვილი სახლში ბრუნდებოდა, როცა შანიძისა და ხორავას კვეთასთან გაჩერებული „ალფა რომეოს“ მარკის წითელი ავტომობილი და ხალხმრავლობა შენიშნა:

თიკო კვალიაშვილი, თვითმხილველი. 23 ივლისი, 2026 წელი

„უკნიდან სწრაფი სვლით მომყვა საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. მანქანის კარი იყო ღია და უკანა სავარძელზე ნახევრად მოკეცილ მდგომარეობაში იწვა ბიჭი, უგონო მდგომარეობაში. სასწრაფო ჯერ არ ჩანდა. მოპირდაპირე მხარეს დავინახე კიდევ ორი ბიჭი, ერთი ხელში იყო დაჭრილი და მეორე - მხარში, ძალიან ანერვიულები.

რაკი არც სასწრაფო ჩანდა ჯერ და დაჭრილებს არც არავინ ეხმარებოდა, გავიქეცი და სახლიდან გამოვიტანე პირველადი დახმარებისათვის საჭირო ნივთები და შეძლებისდაგვარად აღმოვუჩინე პირველადი დახმარება მათ, ვინც გონზე იყვნენ“, - უყვება თიკო კვალიაშვილი რადიო თავისუფლებას.

მისი თქმით, დაჭრილები, სავარაუდოდ, ვერ მიხვდნენ, რატომ ესროლეს:

„ორივე იძახდა, არაფერი დაგვიშავებიაო... კიდევ ერთი ბიჭი იყო, მძღოლი, რომელიც არ იყო დაჭრილი, ისიც იძახდა, არაფერი დაგვიშავებიაო, შოკში იყვნენ, ვერ მიხვდნენ, რატომ ესროლეს. როგორც მივხვდი, კონფლიქტიც არ მომხდარა, იმ არსებამ უბრალოდ მისცა შენიშვნა სიცილის გამო და მოულოდნელად დაესხა თავს“.

სროლის შედეგად დაიჭრა შანიძის ქუჩაზე გამვლელი ქალიც. ექიმის განმარტებით, მას თხემის არეში ჰქონდა მსუბუქი დაზიანება და 22 ივლისს, ღამითვე გაწერეს კლინიკიდან:

„სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ შემოიყვანა ახალგაზრდა ქალბატონი, თხემის მიდამოში აღენიშნებოდა მცირე ზომის მცირე სისხლმდენი ჭრილობა, გაეწია ქირურგის კონსულტაცია, ჭრილობა დამუშავდა პირველადი ქირურგიული წესით, გაიკერა კვანძოვანი ნაკერით, დაყოვნდა პაციენტი მცირე ხნით გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, სტაბილური მდგომარეობით გაიწერა ბინაზე“, - ამბობს ალადაშვილის კლინიკის ექიმი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შანიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

42 წლის ნიკა კაპანაძეს პროკურატურამ ბრალდება დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა წარუდგინოს.