პარიზში დანებით შეიარაღებული პირი სამ ქალს დაესხა თავს

პარიზში დანებით შეიარაღებული პირი სამ ქალს დაესხა თავს. 2026 წლის 27 ივლისი

პარიზის ჩრდილო-დასავლეთში სამზარეულოს ორი დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ქალი დაჭრა. თავდასხმა მოხდა დაახლოებით 11:30 საათზე, მეტროს გაჩერება პორტ-დე-კლიშისთან. ეჭვმიტანილი ინციდენტიდან მალევე დააკავეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის თქმით, ეჭვმიტანილი დააკავა პოლიციელმა, რომელიც თავდასხმის მომენტში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. სამივე დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. ისინი 19, 24 და 36 წლის ქალები არიან.

მინისტრის განცხადებით, დაშავებულთა სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, თუმცა ორი ქალის ჭრილობები მძიმეა.

როგორც გამოცემა Le Monde პოლიციის წყაროზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელმა ჯერ დაჭრა ქალი, რომელიც ტრამვაის ელოდებოდა და შემდეგ დანარჩენებს დაესხა თავს. დაკავების შემდეგ ეჭვმიტანილმა თავისი სახელი თქვა, თუმცა, ნუნიესის თქმით, იგი "გაურკვევლად ლაპარაკობს".

წყაროების თქმით, თავდამსხმელი 31 წლის ფრანგია, რომელსაც, წინასწარი ვარაუდით, შესაძლოა ფსიქიკური აშლილობა ჰქონოდა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში დაკავებული დეზორიენტირებულად გამოიყურება და ამბობს "C’est Allah qui m’a ordonné" (მე ალაჰმა მიბრძანა).

ნუნიესი გამოვიდა მოწოდებით, არ გაკეთდეს ნაადრევი დასკვნები თავდასხმის მოტივების თაობაზე.

საფრანგეთის სახელმწიფო ანტიტერორისტულმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თვალს ადევნებს გამოძიების მიმდინარეობას, თუმცა ოფიციალურად მისი წარმოება მისთვის ჯერ არ გადაუციათ.

ასევე ნახეთ

სატყეო ხანძარი მძვინვარებს ქალაქ ბორდოსთან, საფრანგეთი და ესპანეთი ცეცხლს ებრძვიან