ექსპერტ-კრიმინალისტი, შიდა აუდიტორი - ვინ არის კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ კიკნაძე

მიხეილ კიკნაძე

საქართველოს კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს, ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კიკნაძე "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის მოადგილედ გუშინ დანიშნა. ამის შესახებ ნათქვამია 28 ივლისს გამოქვეყნებულ ბრძანებაში.

28 ივლისის გამოქვეყნებული კიდევ ერთი ბრძანებიდან ირკვევა, რომ კულტურის მინისტრის თიკა რუხაძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, თანამდებობა დატოვა მისმა პირველმა მოადგილემ მაკა გურგენიძემაც.

ასევე ნახეთ

თიკა რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

როგორც წესი, მინისტრის მოვალეობას მისი პირველი მოადგილეები ასრულებენ ხოლმე.

ვინ არის მიხეილ კიკნაძე

მიხეილ კიკნაძე პროფესიით ეკონომისტია და როგორც კულტურის სამინისტრო წერს, მას საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ის კულტურის სამინისტროს სისტემაში 2025 წლიდან მუშაობს. მას სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

მიხეილ კიკნაძის 2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, ის კულტურის სამინისტრომდე საქართველოს რკინიგზაში ანალიზისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო. შემდეგ კი კომპანია "ჯიარ ტრანზიტ ლაინის" შიდა მონიტორინგის მენეჯერი.

კიდევ უფრო ძველი დეკლარაციებით ირკვევა, რომ მიხეილ კიკნაძე წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო და საექსპერტო-კრიმინალურ სამსახურებში მუშაობდა სხვადასხვა დროს.

ღია წყაროების მიხედვით, კიკნაძემ შსს-ს 2018 წელს დატოვა - მისი ბოლო პოზიცია საექსპერტო-კრიმინალური დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს ხელმძღვანელობა იყო. ამ პოზიციაზე ის 2013 წლიდან მუშაობდა.

2013 წლამდე კი სხვადასხვა დროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამმართველოებს ხელმძღვანელობდა ქვემო ქართლსა და მცხეთაში.

თიკა რუხაძის გადადგომა

ცნობა თიკა (თინათინ) რუხაძის მიერ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში კულტურის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ კულტურის სამინისტროს ფეისბუკგვერდზე 28 ივლისს გამოქვეყნდა - მიზეზად დასახელებულია მკურნალობა.

თიკა რუხაძე კულტურის მინისტრად 2024 წლის 18 ოქტომბერს დაინიშნა, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.