კარაპეტიანთან საარბიტრაჟო დავის მიუხედავად ფაშინიანი „ელექტროსისტემის“ ნაციონალიზაციის დასრულებას აანონსებს

გარეკანზე: ნიკოლ ფაშინიანი და სამველ კარაპეტიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ 6 აგვისტოს გაკეთებული განცხადების თანახმად, მისი მთავრობა გეგმავს, მალე დაასრულოს ოპოზიციონერი მილიარდერის, შინაპატიმრობაში მყოფი სამველ კარაპეტიანის კუთვნილი „სომხეთის სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (ENA) ნაციონალიზაცია.

„ENA-ს შემთხვევაში, ჩვენ კონცეპტუალურ დონეზე მივიღეთ გადაწყვეტილება: იგი გახდება სახელმწიფო საკუთრება, რომელიც გადაეცემა აკრედიტებულ კომპანიას სამართავად“, - განაცხადა ფაშინიანმა 6 აგვისტოს ერევანში, მთავრობის ყოველკვირეულ სხდომაზე.

მას არ დაუკონკრეტებია, მმართველი ფირმა სომხური იქნება თუ უცხოური.

მოგვიანებით, 6 აგვისტოსვე, ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდატიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მთავრობა გეგმავს „საერთაშორისო გამოცდილების მქონე ოპერატორის“ დაქირავებას.

„პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება ამ ლოგიკას შეესაბამებოდა“, - გვითხრა მან. „სხვა დეტალების შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან დეტალებზე სიღრმისეული განხილვა აქამდე არ ყოფილა“.

ასევე ნახეთ

ერევანმა დაპატიმრებულ კარაპეტიანთან საარბიტრაჟო დავაში ამერიკული ფირმა შეცვალა

„არავინ არ დათანხმდება“ - კარაპეტიანის თანაგუნდელი

ENA-ს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ღაზინუიანმა, - რომელიც ამჟამად კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთის“ მაღალი რანგის წევრია, - განაცხადა, რომ სტოკჰოლმში მიმდინარე საარბიტრაჟო დავის ფონზე „არცერთი ნორმალური რეპუტაციის მქონე ენერგეტიკული კომპანია არ დათანხმდება კომპანიის შეძენას“.

ღაზინიანმა განაცხადა, რომ ფაშინიანი შესაძლოა გეოპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე გეგმავდეს ENA-ს „მთავრობასთან დაკავშირებული თურქული ან აზერბაიჯანული კომპანიისთვის გადაცემას“.

მინისტრმა ხუდატიანმა ეს მოსაზრება უარყო.

კარაპეტიანი და ENA - ქრონოლოგია

სამველ კარაპეტიანი 2025 წლის 18 ივნისს დააკავეს.

მისი დაკავებიდან 18 საათში, 19 ივნისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „სწრაფად“ სურდა კარაპეტიანის „ტაშირ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული „სომხეთის ელექტროსისტემის“ (ENA-ს) ნაციონალიზაცია.

მოგვიანებით მას ბრალი ასევე წაუყენეს გადასახადებისგან თავის არიდებაში, თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში, - მას შემდეგ, რაც პოლიტიკური აქტივობა დააანონსა; მისმა პარტიამ სომხეთის ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ ველზე პირველ ადგილი დაიკავა.

კარაპეტიანი, რომელიც დეკემბრიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, უარყოფს ყველა ბრალდებას და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

სომხეთის სამთავრობო რეგულატორმა 2025 წლის 17 ნოემბერს ოპერირებს ლიცენზია შეუჩერა კარაპეტიანის ძირითადი მოსკოვური ბიზნესის, „ტაშირ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიას, რომელიც „ელექტროსისტემას“ ფლობდა და მართავდა. მანამდე კი, ივლისში, ENA-ს მმართველობა გადაიბარა.

პასუხად „ტაშირმა“ სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის (SCC) საარბიტრაჟო ინსტიტუტს მიმართა და დავობს, რომ სომხეთში მისი ყველაზე დიდი აქტივის „უკანონო ექსპროპრიაცია“ მიმდინარეობს. კომპანია 500 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს ფაშინიანის მთავრობისგან.

2026 წლის თებერვალში სომხეთის მთავრობამ „ტაშირს“ კომპანიაში $62,3 მლნ შესთავაზა, თუმცა 10 წლის მოგება მოითხოვა. კარაპეტიანის წარმომადგენლები შეთავაზებას „სიცილით“ შეხვდნენ.

ასევე ნახეთ

მთავრობა ოპოზიციონერ კარაპეტიანს $62,3 მლნ-ს სთავაზობს „სომხეთის ელექტროსისტემაში“, თუმცა 10 წლის მოგებას ითხოვს