ტრამპმა ახალი ბრძანება გამოსცა აშშ-ში დაბადებულთათვის მოქალაქეობის მინიჭების შესაზღუდად

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 აგვისტოს თეთრ სახლში მოაწერა ხელი ახალ ბრძანებებს, მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების შეზღუდვისა და ე.წ. სამშობიარო ტურიზმის აკრძალვის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისევ ცდილობს აშშ-ში დაბადებულთათვის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების აკრძალვას, ე.წ. სამშობიარო ტურიზმთან ერთად.

ტრამპმა 6 აგვისტოს ხელი მოაწერა ორ ახალ ბრძანებას. მის მეორე მცდელობას წინ უძღოდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის წინა შემზღუდავი ბრძანება კონსტიტუციასთან შეუსაბამო იყო.

დონალდ ტრამპის ორი ახალი აღმასრულებელი ბრძანებიდან ერთი კრძალავს აშშ-ის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭებას ქვეყანაში დაბადებული ბავშვებისთვის, რომელთა მშობლები თავად არ არიან აშშ-ის მოქალაქეები და თუ ერთი მათგანი მაინც „უცხოელი მტერი"(an alien enemy), მათ შორის ტერორისტული ორგანიზაციის წევრია, ან მოტყუების და კომერციული გარიგების გზით ცდილობდა ამერიკის მოქალაქეობის მიღებას, ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო მოხელეა(მათ შორის ელჩები, საკონსულოების თანამშრომლები), ან დაქირავებულია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

მეორე ბრძანებით იკრძალება ე.წ. სამშობიარო ტურიზმი, ანუ პრაქტიკა, როცა ორსული უცხოელები აშშ-ში სპეციალურად ჩადიან იქ მშობიარობის მიზნით, რათა შვილი აშშ-ის მოქალაქე გახდეს.

მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ახალი ბრძანებებიც სასამართლო დავის საგნად იქცევა.

ასევე ნახეთ

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაიცვა კონსტიტუციის მე-14 შესწორება - დაბადებისთანავე მოქალაქეობის უფლებაზე. პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილოა
  • აშშ-ის მოქალაქეობა ენიჭება ყველას, ვინც ამ ქვეყანაში დაიბადება.
  • ეს უფლება განსაზღვრულია აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებით და გამყარებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით.

კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა დონალდ ტრამპმა პირველად სცადა 2025 წლის იანვარში. მაშინდელი ბრძანებით, ამერიკულ უწყებებს არ უნდა ეღიარებინათ მოქალაქეობა აშშ-ში დაბადებული იმ ბავშვების, რომელთა თუნდაც ერთი მშობელი არ არის აშშ-ის მოქალაქე ან არ აქვს ბინადრობის უფლება.

ტრამპის გადაწყვეტილების გამო დაწყებული სასამართლო დავა მივიდა აშშ-ის უზენაეს სასამართლომდე, რომელმაც 2026 წლის ივნისში დაადგინა, რომ ბრძანება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 შესწორებას.

6 აგვისტოს, ახალი ბრძანებების ხელმოწერისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უზენაესმა სასამართლომ ცუდი და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.