ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მზია გარშაულიშვილმა, მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა - გადაწყვეტილება დღეს, 7 აგვისტოს, გამოცხადდა.
  • პროკურორმა ქეთი სონიძემ სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ იმის გამო, რომ საუბარი იყო მძიმე დანაშაულზე და არსებობდა მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მათ დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვეს.
  • არასრულწლოვანების ადვოკატები მიიჩნევენ, რომ დაკავებულები უდანაშაულოები არიან და მოითხოვდნენ, მოსამართლეს არ გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიება.

ორივე გოგო პოლიციამ 5 აგვისტოს მოსამართლის განჩინებით დააკავა:

  • ნ.ი.-ს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება) - მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • ა.ბ.-ს - სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) - მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რას ედავებიან ნ.ი.-ს?

  • „2025 წლის სექტემბრის თვეში ნ.ი.-მ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან“;
  • მალევე მან თავის მეგობრებს - ა.გ.-სა და გ.მ.-ს უთხრა, რომ „თითქოსდა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ“;

პროკურატურა 6 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა [თავისი მეგობარი ბიჭი ა.გ.] წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს“.

ა.გ. ამ საქმის მთავარი ბრალდებულია. 9 აპრილს მას 10,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა“.

სხვა დეტალებზე - თუ რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, რითაც ამტკიცებს, რომ „აღნიშნული ქმედებით“ ანუ მეგობრებისთვის ავალიანის მხრიდან „ზედმეტი ყურადღების გამოჩენაზე“ მითითებით წააქეზა ნ.ი.-მ დანაშაული, - პროკურატურა ამ განცხადებაში არ საუბრობს.

ნ.ი.-ის ოჯახისა და ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის პოზიციით, საქმეში არ იკვეთება მტკიცებულებები, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან დანაშაულის წაქეზებას დაადასტურებს.

ამ არასრულწლოვანის დაპატიმრებას გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე თვეებია, ითხოვს, - რადგან მას თავის შვილზე თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნევს, - თუმცა ნ.ი.-ის ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.

რას ედავებიან ა.ბ.-ს?

გამოძიების ვერსიით, „დანაშაულის ჩადენისთანავე, გ.რ. დაუკავშირდა თავის მეგობარ ა.ბ.-ს და შეატყობინა გიგა ავალიანზე ჯგუფური თავდასხმისა და დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ა.ბ.-სთვის ცნობილი იყო გიგა ავალიანის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, მან ამის თაობაზე არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს“.

ასევე ნახეთ

პროკურატურა: ნ.ი.-მ მეგობრებს უთხრა, რომ ავალიანი „ზედმეტ ყურადღებას“ იჩენდა, რითაც წააქეზა დანაშაული

გიგა ავალიანის საქმე - მოკლედ

  • მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ - რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, არაერთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
  • 28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
  • გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ამბობს, რომ „საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხდართან კავშირში მყოფი ყველა პირის დაკავების პირობას დებს, მათ შორის ექიმების, პროკურორებისა და გამომძიებლების.
  • ნ.ი. არის ამ საქმეზე მთავარი მსჯავრდადებულის, არასრულწლოვანი ა.გ.-ის მეგობარი. ის ავალიანის მოსწავლე იყო.
  • მთავარი მსჯავრდადებული დამნაშავედ ცნეს ჯანმრთელობისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებაში, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია.