პარტია "იაბლოკოს" სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა

პარტია "იაბლოკოს" ლიდერი ნიკოლაი რიბაკოვი რუსეთის უზენაეს სასამართლოსთან, 2026 წლის 10 აგვისტო, მოსკოვი

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“ სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან მოხსნა - გაუუქმა მას ფედერალური პარტიული სიის რეგისტრაცია. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პარტია „როდინას“ სარჩელი. პროკურორმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მხარი დაუჭირეს მოსარჩელის პოზიციას.

პარტია "იაბლოკოს" თავმჯდომარემ ნიკოლაი რიბაკოვმა დასკვნით სიტყვაში სასამართლოს სთხოვა სარჩელის უარყოფა:

""იაბლოკო" შეიქმნა როგორც უმრავლესობის ინტერესების დამცველი პარტია. ჩვენ ახლაც ვაგრძელებთ რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობის უფლებების დაცვას, ვინაიდან ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობის ინტერესია", - განაცხადა რიბაკოვმა. მან ისიც თქვა, რომ "იაბლოკო" მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებას და ბირთვული ომის არდაშვებას.

"იაბლოკოს" არჩევნებიდან მოსახსნელად სარჩელი 7 აგვისტოს შეიტანა პარტია "როდინამ".

პარტია „როდინას“ თავმჯდომარემ, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ალეკსეი ჟურავლიოვმა „ტასს“ განუცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც უკავშირდებოდა „იაბლოკოს“ ფინანსურ დარღვევებს, აგრეთვე საავტორო უფლებების დარღვევასა და ექსტრემისტულ მოძრაობასთან კავშირებს.

მანამდე კიდევ რამდენიმე რეგისტრირებულმა პარტიამ დაადანაშაულა "იაბლოკო" არაპატრიოტული პოზიციებისთვის იმის გამო, რომ ეს პარტია უკრაინაში ომის შეწყვეტას ემხრობა და მოითხოვეს მისი არჩევნებიდან მოხსნა. ისინი ირწმუნებიან, რომ მშვიდობისკენ მოწოდებები ფაქტობრივას უტოლდება "ნეონაცისტური რეჟიმის მხარდაჭერას". "იაბლოკოში" ამ განცხადებებს სიცრუე უწოდეს.

ასევე ნახეთ

რუსეთში პარტია "როდინა" ითხოვს "იაბლოკოს" მოხსნას არჩევნებიდან


სასამართლო სხდომა 9 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

10 აგვისტოს გადაწყვეტილებით, პარტია „იაბლოკო“ ვერ მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფო დუმის არჩევნებში, მას აგრეთვე ჩამოერთვა უფასო და ფასიანი საეთერო დრო ფედერალურ სახელმწიფო ტელეარხებსა და რადიოსადგურებში, მათ შორის - ტელედებატებში მონაწილეობის უფლება. „იაბლოკოს“ ეკრძალება აგიტაციის წარმოება გაუქმებული სიის მხარდასაჭერად, შესაბამისი სააგიტაციო მასალის გამოცემა და გავრცელება. შეწყდება ფინანსური ოპერაციები პარტიის სპეციალურ საარჩევნო ანგარიშზე. „იაბლოკოს“ ეკრძალება ფედერალური სიის ინტერესებში მოქმედი ფინანსურ საკითხებში ნდობით აღჭურვილი პირის ყოლა.

ასევე ნახეთ

„რუსეთი, პუტინი, გამარჯვება“ - სპიკერმა ვოლოდინმა მე-8 მოწვევის დუმის სესია დახურა

ჩამოთვლილი აკრძალვები შეეხება მხოლოდ „იაბლოკოს“, როგორც ფედერალურ საარჩევნო ოლქში არჩევნების მონაწილეს და არ ვრცელდება პარტიის კანდიდატებზე, რომლებიც ერთმანდატიან ოლქებში არიან რეგისტრირებულები. ისინი შეძლებენ აგიტაციის, საკუთარი საარჩევნო ფონდების განკარგვის, უფასო საეთერო დროით სარგებლობის გაგრძელებას და შეეძლებათ დებატებში მონაწილეობა რეგიონულ სახელმწიფო მედიებში, რომლებიც მათ საარჩევნო ოლქებში ვრცელდება.

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 18-20 სექტემბერს არის დაგეგმილი.