არ გვაინტერესებს, ასეთი წარმონაქმნი არ არსებობს - კობახიძე „პასუხისმგებლობის აღიარების“ შესახებ ცხინვალის განცხადებაზე

„თქვენგან განსხვავებით, საერთოდ არ გვაინტერესებს მათი განცხადებები“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე დე ფაქტო ცხინვალის მხრიდან თბილისისთვის „პასუხისმგებლობის დაკისრების“ შესახებ კითხვაზე პასუხად აცხადებს, რომ „საერთოდ არ აინტერესებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლების განცხადებები.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე პრემიერ ირაკლი კობახიძის სიტყვები მოიყვანა იმის დასტურად, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ომის დამნაშავეა“, ამიტომ „პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროს“.

რა თქვა კობახიძემ

„პირველ რიგში, არ არსებობს არავითარი „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“, არ არსებობს არავითარი „აფხაზეთის რესპუბლიკა“, - განაცხადა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ეპიზოდის, შინდისის ბრძოლის მე-18 წლისთავზე შინდისში მყოფმა პრემიერმა 11 აგვისტოს.

„ასეთი ერთეულები არ არსებობს და, აქედან გამომდინარე, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ამ დე ფაქტო წარმონაქმნების, ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები რა განცხადებებს აკეთებენ“, - თქვა მან.

„თქვენგან განსხვავებით, საერთოდ არ გვაინტერესებს მათი განცხადებები“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ასევე ნახეთ

თბილისის განცხადებების ექო ცხინვალსა და რუსეთში - რა არის სარისკო?

კვლავ რეზოლუცია #1633-ზე

შემდეგ კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“ დააკისრა პასუხისმგებლობა და თქვა:

„მე გავიმეორე ის, რაც თქვენმა პარტიამ ჩაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში. იქ გარკვევით ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადაიზარდა თქვენი პარტიის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებელი დაბომბვის შემდეგ“.

  • „ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუციაზე ხელმოწერით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის 2008 წლის 7 აგვისტოს დაწყება აღიარა;
  • რეზოლუციის ტექსტში 7 აგვისტოსთან მიმართებით ლაპარაკია არა ომის დაწყებაზე, არამედ - ესკალაციის ახალ ეტაპზე გადასვლაზე.
  • ასევე მითითებულია, რომ - „ის [ომი] წარმოადგენდა დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციის შედეგს, რომელიც, თანდართული პროვოკაციებითა და შედეგად, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებით, დაიწყო გაცილებით უფრო ადრე“.
  • 2008 წლის ომთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს გახმაურებულ ბრალდებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმაც არაერთხელ უწოდეს მტკნარი სიცრუე.
  • ეს საკითხი ერთ-ერთი იყო, რაზეც 2025 წელს იმსჯელა პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ.

ასევე ნახეთ

გამოძიება წინასწარ გაცხადებული დასკვნებით - რას იკვლევს "ოცნების" კომისია?

რა თქვეს ცხინვალში

ირაკლი კობახიძის ამ კომენტარებს წინ უძღოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის განცხადება.

9 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ საქართველოს საგარეო უწყების 8 აგვისტოს განცხადებამდე „სულ რაღაც ერთი დღით ადრე, საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, [ირაკლი] კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი [მიხეილ] სააკაშვილი სამხედრო აგრესიაში დამნაშავედ“.

„საკმაოდ ნათელია, რომ დამნაშავე მხოლოდ სააკაშვილი არ არის. სახელმწიფოს მეთაურის რანგში, მას ჰქონდა მანდატი, ესაუბრა საქართველოს სახელმწიფოს სახელით, გაეცა კრიმინალური ბრძანებები და განეხორციელებინა ანტიოსური და ანტიაფხაზური პოლიტიკა“, - წერია განცხადებაში.

„ამიტომაც, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას, როგორც ამ პოლიტიკის გამტარს, - მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის ფიგურებს, როგორც მისი პოლიტიკის ობიექტებს“, - აცხადებენ დე ფაქტო საგარეო უწყებაში.

ასევე ნახეთ

ცხინვალი: საქართველომ კობახიძის სახით აღიარა სააკაშვილი დამნაშავედ აგრესიაში, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროს
  • „ქართული ოცნების“ მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეც გმირთა მემორიალთან 8 აგვისტოს ადის;
  • ასე მოხდა ომის მე-18 წლისთავზეც. პარტიის ლიდერებმა და სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებმა ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით 8 აგვისტოს შეამკეს და გმირების ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
  • 7 აგვისტოს მივიდნენ ომში დაღუპულების პატივის მისაგებად მემორიალთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
  • „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პოლიტიკური განცხადებებისას ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს „ნაციონალური მოძრაობა“.

--

2024 წლის 29 აპრილს, რუსთაველის გამზირზე აქციაზე გამოსვლისას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან „გლობალური ომის პარტიამ“ დააპირისპირა და რომ „გლობალური ომის პარტიისთვის“ „საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“.

2024 წლის 14 სექტემბერს, როდესაც - წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული - გორელ ამომრჩევლებს ხვდებოდა, ბიძინა ივანიშვილმა ოსებისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზე ილაპარაკა და „ომის გამჩაღებლების“ გასამართლების პირობა დადო.

ასევე ნახეთ

ივანიშვილის ბოდიში - რას ნიშნავს, ვისკენ მიემართება, რას ცვლის ეს ინიციატივა