კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ანანდმა გამოაცხადა სანქციები თავდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიის, Streit Group-ის მიმართ - იმ ზომების ფარგლებში, რომლებიც უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს. ეს ცნობა გამოქვეყნებულია კანადის მთავრობის ვებსაიტზე.
Streit Group-ი აწარმოებს თავდაცვისთვის განკუთვნილ პროდუქციას, უშვებს დაჯავშნილ ტექნიკას და სხვა საბრძოლო აღჭურვილობას. "კანადას ამ კომპანიის წინააღმდეგ სანქციები შემოაქვს იმ ბევრი და სანდო ცნობის გავრცელების მერე, რომ მის მიერ წარმოებულ დაჯავშნილ ტექნიკას იყენებდა როსგვარდია, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში" - ნათქვამია განცხადებაში.
ანანდის თქმით, შემოღებული სანქციები დაასუსტებს რუსეთის საბრძოლო პოტენციალს - "რადგან ისინი დაარღვევენ და გაართულებენ Streit Group-ის შესაძლებლობებს რუსეთისთვის საბრძოლო აღჭურვილობის და ტექნიკის მისაწოდებლად".
მანამდე კომპანია Streit Group-ის და მისი მფლობელის, გერმან გუტოროვის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს უკრაინამ, ევროკავშირმა და შვეიცარიამ. გუტოროვი რუსეთშია დაბადებული, თუმცა ადრეულ 1990-იანი წლებში იგი საცხოვრებლად კანადაში გადავიდა და იქ დააარსა Streit Group-ი.
განცხადების თანახმად, 2014 წლიდან კანადამ სანქციები დაუწესა 3500-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს მიმართ - მათ, ვისაც ოტავა ადანაშაულებს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში და ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატიურ დარღვევაში.