რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე, ყოფილი საზღვაო ქვეითი რობერტ გილმანი

ფოტო არქივიდან. რობერტ გილმანი ვორონეჟის სასამართლოში

რუსეთის ხელისუფლებამ „ჰუმანიტარული მოსაზრებებით“ პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე, ყოფილი საზღვაო ქვეითი, 32 წლის რობერტ გილმანი. ის რუსეთის კოლონიაში ათწლიან სასჯელს 2022 წლიდან იხდიდა პოლიციელზე, გამომძიებელსა და სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით.

ბოლო პერიოდში გილმანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მას საავადმყოფოში გადაყვანაც დასჭირდა.

რობერტ გილმანმა რუსეთი 11 აგვისტოს დატოვა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ შეწყალებული ყოფილი საზღვაო ქვეითი სამშობლოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვითმფრინავით დააბრუნეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ პრეზიდენტ პუტინთან მისი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთი დასთანხმდა ჰუმანიტარული მოსაზრებებით რობერტ გილმანის გათავისუფლებას, სანაცვლოდ არაფერი უთხოვია და შესაბამისად, არანაირი გაცვლა არ ყოფილა.

რობერტ გილმანის გათავისუფლების შესახებ სოციალურ X-ში დაწერა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმაც.

თანხმლებ პირებთან ერთად თვითმფრინავში მყოფი რობერტ გილმანის ფოტო სოციალურ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

რუბიოს განცხადებით, გილმანი შეუერთდა იმ ასზე მეტ ამერიკელს, რომლებიც ტრამპმა გაათავისუფლა პრეზიდენტობის მეორე ვადაში და რუსეთს მადლობას უხდიან სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფთან თანამშრომლობისა და რობერტ გილმანისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აშშ-ში გაწევის შესაძლებლობისთვის.

სახელმწიფო მდივნის თანახმად, ამ დადებით ნაბიჯს აფასებენ, ისევ ეძებენ გზებს უკანონოდ დაკავებული სხვა ამერიკელების დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად და პრეზიდენტი არ გაჩერდება, სანამ ისინი სახლში არ დაბრუნდებიან.

არსებული მონაცემებით, რუსეთის კოლონიებში აშშ-ის ათამდე მოქალაქე იმყოფება.

გილმანის საქმე

აშშ-ის მოქალაქე, ყოფილი საზღვაო ქვეითი რობერტ გილმანი, რომლის მამა საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებულია, რუსეთში 2022 წლის იანვარში დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, მთვრალმა გილმანმა ვორონეჟში, მატარებლის ვაგონში დებოში მოაწყო, პოლიციის მორიგე განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი პოლიციელს ფეხი ჩაარტყა. 2022 წლის ოქტომბერში ვორონეჟის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ გილმანს 4,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ადვოკატების სააპელაციო საჩივრის განხილვის შემდეგ კი საოლქო სასამართლომ სასჯელი ერთი წლით შეუმცირა.

2024 წლის შემოდგომაზე გილმანი ახალი ბრალდებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებელსა და სასჯელაღსრულების სამსახურის ინსპექტორზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოში რობერტ გილმანმა განაცხადა, რომ გამომძიებელმა და ინსპექტორმა შეურაცხყოფა მიაყენეს მის მამას და აღწერა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, რომელსაც საპატიმროში განიცდიდა.

ასევე ნახეთ

ვინ არიან გაცვლილი პატიმრები?