კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, რეგიონზე შეტევა იყო რამდენიმე ასეული უკრაინული დრონით, ქალაქ ნოვოროსიისკში დაიღუპა 8 წლის ბავშვი, დაბა ვოლნაში დაჭრილი მამაკაცი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
კონდრატიევის თანახმად, დაშავებულია ათზე მეტი ადამიანი. მისივე ცნობით, რეგიონში დრონების „ნამსხვრევები დაეცა” 21 სახლს და 4 საწარმოს, მათ შორის ანაპასა და გელენჯიკში. დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ნოვოროსიიკში ჩამოინგრა საავტომობილო ხიდი.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ გაავრცელა ქალაქ ნოვოროსიისკში დაზიანებული ორი მრავალბინიანი სახლის ფოტოები.
ASTRA-ს ცნობითვე, ნოვოროსიისკში დაზიანებულია ერთ-ერთი სკოლის შენობაც, რომელიც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემების სადგომის მახლობლად მდებარეობს. უკრაინული წყაროების თანახმად, სამიზნე სწორედ ეს სამხედრო ობიექტი იყო.
ნოვოროსიისკში დაზიანებული შენობების ამსახველი, ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა მონიტორინგის უკრაინულმა არხმა Exilenova+-მაც, ტექსტით, რომ ეს ადგილობრივი საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის შედეგია.
უკრაინული არხის, „კრიმსკი ვეტერის“ ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ნოვოროსიისკში ხანძრებია ნავთობტერმინალ „შესხარისში" და სამხედრო გემების ნავსადგურთან.
ხანძრის არაერთი კერა დააფიქსირა აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მონიტორინგის ონლაინ პლატფორმამაც.
უკრაინას რუსეთის კრასნოდარის მხარეზე შეტევის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.