41 ქვეყანა მოითხოვს ბალისტიკური რაკეტების გამოცდამდე წინასწარ გაფრთხილების სტანდარტის დაცვას

რუსული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „იარსის“ გამოცდა არხანგელსკის ოლქში(ფოტო არქივიდან)

გაეროს 40-ზე მეტმა სახელმწიფომ მსოფლიო გააფრთხილა საშიშროებაზე, რომელსაც მშვიდობას და უსაფრთხოებას უქმნის ბალისტიკური რაკეტების გამოცდა და წინასწარ შეტყობინების სტანდარტის დაცვა მოითხოვა.

აშშ-ის, ევროპის სახელმწიფოების, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, სამხრეთი კორეის, ფილიპინების, თურქეთის და უკრაინის, სულ 41 ქვეყნის ერთობლივი განცხადება 11 აგვისტოს გავრცელდა.

ისინი ყველა შესაბამის ქვეყანას მოუწოდებენ, პასუხისმგებლობა აიღონ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავებიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტების და რაკეტ-მატარებლების გამოცდის შესახებ წინასწარ და დროულად გაფრთხილების ვალდებულების შესრულებაზე.

  • 2002 წლიდან მოქმედებს ჰააგის კოდექსი, რომელიც ხელმომწერებს ავალდებულებს წინასწარ შეტყობინებას. კოდექსს შეუერთდა 140-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი.

გაეროს წევრი 41 ქვეყნა მიუთითებს წყნარი ოკეანის რეგიონში ახლახან ჩატარებულ გამოცდაზე, რომელიც არ შეესაბამოდა სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ დადგენილ სტანდარტებს. განცხადებაში არ არის მითითებული, რომელმა ქვეყანამ ჩაატარა რაკეტების ეს გამოცდა.

  • ივლისის დასაწყისში წყნარ ოკეანეში ატომური წყალქვეშა ნავიდან რაკეტა გამოცადა ჩინეთმა, რომელმაც ამის შესახებ სტარტამდე ცოტა ხნით ადრე გააფრთხილა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა.
  • წინასწარი გაფრთხილების გარეშე არაერთი გამოცდა ჩაუტარებია რუსეთს.

ერთობლივი განცხადების ხელმომწერი 41 სახელმწიფო ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს მოუწოდებს, ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შესახებ წინასწარი გაფრთხილება გაავრცელონ სულ მცირე 24 საათით ადრე და მიუთითონ რაკეტის ზოგადი კლასი, გამოცდის დრო, რაიონი და მიმართულება. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მკაფიო გაფრთხილება გაგზავნონ მფრინავებისა და მეზღვაურებისთვის.

ასევე ნახეთ

„ბურევესტნიკი“ - რაკეტა თუ „მფრინავი ჩერნობილი?!" რატომ იმუქრება პუტინი თავისი საეჭვო ეფექტიანობის იარაღით