პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ გასულ ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩაატარეს შავ ზღვაზე რუსეთის ფლოტის „ბოლო ძირითად ფორპოსტზე“, ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დარტყმის „უნიკალური ოპერაცია“.
ზელენსკის ინფორმაციით, ოპერაციისთვის გამოყენებული იყო უკრაინული რეაქტიული დრონები, რაკეტები „ნეპტუნი“ და საზღვაო უეკიპაჟო კატერები, რომლებმაც სამიზნეებს ზუსტად დაარტყეს.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, დადასტურებულია პირდაპირი დარტყმა საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, ნავმისადგომებსა და საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურაზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიზუსტისა და კარგი შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მეომრებს, უსაფრთხოების სამსახურს და დაზვერვას.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საოკუპაციო ფლოტი და მისი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა უსაფრთხოდ ვერ იქნება, სანამ რუსული აგრესია გრძელდება: „საჭიროა ომის შეჩერება. ყველა ადეკვატური წინადადება დიპლომატიისთვის მაგიდაზე“.
ასევე ნახეთ
რუსეთის კრასნოდარის მხარეზე დრონებით მასირებული შეტევა იყორა შედეგებზე ლაპარაკობს რუსეთის ხელისუფლება
რუსეთს ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ცნობები ეხება მხოლოდ დრონებით შეტევას და სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას.
ამასთან, უკრაინული ტელეგრამ-არხები დილითვე წერდნენ, რომ შეტევის შედეგად ნოვოროსიისკში ხანძრებია სამხედრო გემების ნავსადგურში და ნავთობტერმინალ „შესხარისში".
კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის მიერ 12 აგვისტოს დილით გავრცელებული ინფორმაციით: რეგიონზე შეტევა იყო რამდენიმე ასეული უკრაინული დრონით, ქალაქ ნოვოროსიისკში დაიღუპა 8 წლის ბავშვი, დაბა ვოლნაში დაჭრილი მამაკაცი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავდა ათზე მეტი ადამიანი. რეგიონში დრონების „ნამსხვრევები დაეცა” 21 სახლს და 4 საწარმოს, მათ შორის ანაპაში, გელენჯიკსა და ტემრიუკის რაიონში. დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ნოვოროსიიკში ჩამოინგრა საავტომობილო ხიდი.
რუსეთის სახელმწიფო აგროსამრეწველო კომპანიის ინფორმაციით, ნოვოროსიისკზე შეტევის შედეგად დაზიანებულია პურპროდუქტების კომბინატის ხორბლის ტერმინალი. სააგენტო Reuters-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა.
ქალაქ ნოვოროსიისკს წყლის მიწოდება შეუწყდა. ადგილობრივმა კომპანიამ მიზეზად დაასახელა მაგისტრალური მილსადენის დაზიანება.
ხორბლის ტერმინალის და მილსადენის დაზიანების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ.
12 აგვისტოს შუადღისთვის კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ქალაქ გელენჯიკში დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენის გამო შემოღებულია საგანგებო სიტუაციის ლოკალური რეჟიმი". შტაბის თანახმად, ქალაქში დაჭრილია სამი ადამიანი, დანგრეულია სამი სახლი და ოცამდე დაზიანებულია.
გელენჯიკის მერის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შემდეგ დროებით დახურეს ქალაქის პლაჟები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 12 აგვისტოს დილით ოფიციალური არხებით გაავრცელა მხოლოდ მოკლე, ზოგადი ინფორმაცია, რომლის თანახმად, ღამის განმავლობაში ქვეყნის შვიდ რეგიონში, მათ შორის კრასნოდარის მხარეში და შავი ზღვის აკვატორიაში გაანადგურეს 502 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. ეს სამინისტრო, როგორც წესი არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
ოფიციალურ ცნობაში არაფერი იყო ნათქვამი უკრაინული რაკეტების შესახებ.
- უკრაინა რუსეთის მხრიდან მეოთხე წელია პრაქტიკულად, ყოველდღე განიცდის რაკეტებით და დრონებით შეტევებს, სამოქალაქო ობიექტების ნგრევას და მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში.
- უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გადატანა სამართლიანი პასუხია, რომლის მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.