ცნობილი გახდა, რით გაამართლა რუსეთის სასამართლომ პარტია "იაბლოკოს" მოხსნა არჩევნებიდან

"იაბლოკოს" მხარდამჭერები უზენაესი სასამართლოს წინ. მოსკოვი, 10 აგვისტო, 2026.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკოს“ გაუგზავნა სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან მისი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილების დასაბუთება. პარტია გადაწყვეტილების შეჯამებას აქვეყნებს. სასამართლომ ჩამოთვალა რამდენიმე ფორმალური საფუძველი:

პირველი - პარტიის საარჩევნო ფონდში შეწირულებები რუსეთის მოქალაქეებისგან, რომლებმაც თავად მიიღეს თანხა საზღვარგარეთიდან. საქმე ეხება იმ ადამიანებისგან შეწირულებებს, რომლებმაც იმავე პერიოდში უცხოური წყაროებიდან მიიღეს დაახლოებით 2,8 მილიონი რუბლი. პარტიამ განაცხადა, რომ მან გამომგზავნებს 16900 რუბლი დაუბრუნა, რადგან ეს თანხები უკანონო იყო.

მეორე - რუსეთში დაბლოკილი ან შეზღუდული სოციალური მედიის პლატფორმებზე „იაბლოკოს“ მხარდამჭერი პოსტები გამოქვეყნდა. გადაწყვეტილების თანახმად, გამოქვეყნდა „იაბლოკოს“ მხარდამჭერი 70000-მდე პოსტი, რამაც პოტენციურად 527 მილიონი მომხმარებელი მოიცვა. სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთი მედიაკამპანია პარტიას 35 მილიონი რუბლი დაუჯდებოდა, რაც მის საარჩევნო ბიუჯეტზე სამჯერ მეტია. სასამართლომ კომენტარი არ გააკეთა „იაბლოკოს“ არგუმენტზე, რომ მომხმარებლებმა ეს მასალები საკუთარი ინიციატივით გამოაქვეყნეს.

მესამე - საავტორო უფლებების დარღვევა: პარტიამ გამოიყენა სტრიქონები სიმღერიდან „დაე, მუდამ იყოს მზე“, ფრაზა „ოღონდ ნუ იქნება ომი“ და ChatGPT-ის მიერ შექმნილი სურათი. ამასთან, სასამართლო არ დათანხმდა, ChatGPT ხელოვნურ ინტელექტად ეღიარებინა.

"იაბლოკოს" არჩევნებიდან მოსახსნელად სარჩელი 7 აგვისტოს შეიტანა პარტია "როდინამ".

„იაბლოკოს“ მიმართ "როდინას" მიერ წაყენებული ყველა პრეტენზია არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში არ იქნა გათვალისწინებული არგუმენტები „იაბლოკოს“ საარჩევნო კამპანიაში ექსტრემიზმისა და პარტიული სიის წარდგენისას დარღვევების შესახებ.

თავად პარტია ბრალდებებს უარყოფს და სააპელაციო ინსტანციაში აპირებს საჩივრის შეტანას.

„პარტია აპირებს თავისი არგუმენტების დამტკიცებას სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ. პარტიის მოხსნის რეალური მიზეზი არის პარტიის პლატფორმა „მშვიდობისა და თავისუფლებისთვის!“, რომლითაც მიდის „იაბლოკო“ არჩევნებზე. ამას არ მალავენ არც სარჩელის ავტორები, არც ისინი, ვინც მათ უკან დგას,“ ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ

პარტია "იაბლოკოს" სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა