გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ბარბარა ფოსია

ბარბარა ფოსი

2026 წლის აგვისტოდან საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება. ინფორმაციას აქვეყნებს საელჩო. 

„არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება“, - აცხადებს გერმანიის ახლადდანიშნული ელჩი.

ფოსმა დიპლომატიური საქმიანობა 1992 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც დაამთავრა სწავლა ფედერაციის უნივერსიტეტში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით.

საქართველოში გერმანიის ახალი ელჩის დიპლომატიური კარიერა ასეთია:

  • 2023-2026 წწ. - გენერალური კონსული გერმანიის გენერალურ საკონსულოში კალკუტაში/ინდოეთი;
  • 2019-2023 წწ. - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: მაღრიბის, ახლო და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებთან კულტურისა და მედიის დარგში თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
  • 2015-2019 წწ. - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ;
  • 2012-2015 წწ. - გერმანიის საელჩო ისლამაბადში: ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსი;
  • 2009-2012 წწ. - გერმანიის საელჩო თელ-ავივში/ისრაელი: კონსული;
  • 2006-2009 წწ. - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კადრების განყოფილება;
  • 2005-2006 წწ. - მომზადება საგარეო უწყების მაღალი რგოლის თანამდებობისთვის;
  • 1996-2005 წწ. - გერმანიის საელჩოები ლაგოსში/ნიგერია და დარ-ეს-სალამში/ტანზანია, ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობა გაეროში, ნიუ იორკში/აშშ;
  • 1992-1996 წწ. - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბონში: პოლონეთთან, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტი.

წინა ელჩს, პეტერ ფიშერს, უფლებამოსილების ვადა 2026 წლის ივნისში ამოეწურა.

„ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen”(მომავალ შეხვედრამდე)“, - დაწერა მან 30 ივნისს გამოსამშვიდობებელ პოსტში.

ასევე ნახეთ

ჩვენი უფლებამოსილების ვადა დასრულდა - პეტერ ფიშერი გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს
  • პეტერ ფიშერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დემოკრატიის უკუსვლისთვის აკრიტიკებდა და წუხილს ღიად გამოხატავდა იმის გამო, რომ საქართველო კარგავს დროსა და ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ შანსს;
  • ამის გამო ყოფილი ელჩი „ქართული ოცნების“ თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გახდა. მას ძირითადად რადიკალიზმის ხელშეწყობაში, ოპოზიციის მფარველობასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. „ოცნებაში“ ბოლო დროს ხშირად აცხადებდნენ, რომ გერმანიის ელჩი „ვენის კონვენციის“ მოთხოვნებს უგულებელყოფდა.