ივლისში უკრაინაში ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 2022 წლის მაისის შემდეგ

ნათესავები ხარკოვის ოლქში რუსული დრონით დარტყმის შედეგად დაღუპულის ცხედართან. 2026 წლის 26 ივლისი

რუსეთის დარტყმების შედეგად უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვმა 2026 წლის ივლისში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს(ერთი თვის) მიაღწია 2022 წლის მაისის შემდეგ.

გაეროს მისიამ, რომელიც უკრაინაში მონიტორინგს უწევს ადამიანის უფლებებს, 13 აგვისტოს მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა:

  • 2026 წლის ივლისში უკრაინაში დაიღუპა სულ მცირე 437 სამოქალაქო პირი და 2610 დაიჭრა, რაც 30%-ით მეტია წინა თვესთან, 2026 წლის ივნისთან შედარებით და 70%-ით მეტია 2025 წლის ივლისის მონაცემებზე.
  • ერთ თვეში, 2026 წლის ივლისში უკრაინაში ყველაზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა ომის დაწყების წლის, 2022 წლის მაისის შემდეგ.
  • 2026 წლის ივლისში უკრაინაში დაიღუპა 17 და დაიჭრა 166 ბავშვი, რაც ერთი თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის აპრილიდან.

ასევე ნახეთ

კიევში გლოვაა - მეორედ ბოლო ხუთ დღეში

გაეროს მისიის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში სამოქალაქო მოსახლეობაში ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო კიევში(54 მოკლული და 202 დაჭრილი), ხერსონში(34 მოკლული და 424 დაჭრილი), ზაპოროჟიეში(27 მოკლული და 280 დაჭრილი) და სუმიში(20 მოკლული და 152 დაჭრილი).

გაეროს მისიამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 25 სამოქალაქო პირის სიკვდილისა და 50-ის დაჭრის ფაქტის დოკუმენტურად დადასტურება შეძლო. ამ ტერიტორიებიდან ინფორმაციის მიღება შეზღუდულია.