რუსეთი უარს ამბობს შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებებზე მორატორიუმის გამოცხადებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა

რუსეთი უარს ამბობს თურქეთის ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებებზე მორატორიუმის გამოცხადებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მსგავსი ზომის მისაღებად საფუძველს ვერ ხედავენ.

  • თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა 8 აგვისტოს, სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთმა რუსეთს და უკრაინას შესთავაზა მორატორიუმის გამოცხადება შავ ზღვაში გემებზე დარტყმებზე, მხარეებს წინადადებები გადასცა და პასუხს ელოდება.

ფიდანის თანახმად, მოსკოვს და კიევს მოუწოდეს, შეიქმნას მექანიზმი შავ ზღვაში შეტევების შესაწყვეტად. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ადრე მსგავსი თხოვნით თურქეთს უკრაინამაც მიმართა.

ასევე ნახეთ

ოდესაზე რუსეთის ჯარების შეტევისას დრონით დარტყმა იყო თურქეთის გემზე

ასევე ნახეთ

10-მდე გაიზარდა ოდესასთან სატვირთო გემზე დარტყმის შედეგად დაღუპული მეზღვაურების რიცხვი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას 14 აგვისტოს უპასუხა მედიისთვის თავისი ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას კომენტარის სახით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ამ კომენტარით, რუსეთს ოფიციალური არხებით არ მიუღია „თურქეთის ფორმალიზებული მიმართვა, რომელიც ინიციატივის პირობებს დააკონკრეტებდა“.

ზახაროვამ უკრაინა დაადანაშაულა შავ ზღვაში სამოქალაქო გემების წინააღმდეგ დრონებით რეგულარულ „ტერორიზმის აქტებში“. მას არაფერი უთქვამს შავი ზღვის უკრაინის აკვატორიაში რუსეთის არაერთ, მსხვერპლის გამომწვევ დარტყმაზე, მათ შორის უცხოურ სატვირთო გემებზე.

ზახაროვას თანახმად, ვერ ხედავენ რაიმე წინაპირობებს სიტუაციის გაუმჯობესებისთვის და შესაბამისად, საფუძველს ზომებისთვის, რომლებიც მხოლოდ „კიევის რეჟიმს“ მისცემს დროებითი შესვენების შესაძლებლობას.

უკრაინას შავ ზღვაში სამიზნედ ჰყავს გამოცხადებული რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემები.