ნახატები ქურდებმა ჩრდილოეთ იტალიაში, პარმასთან ახლოს, "მანიანი-როკას ფონდის" ვილიდან სამ წუთზე ნაკლებ დროში მოიპარეს.
პარმის პოლიციის უფროსმა ანდრეა პალიარომ AFP-ს განუცხადა, რომ გამოძიება ცხრა მოლდოველი ეჭვმიტანილისგან შემდგარი ჯგუფის გარშემო მიმდინარეობდა. მისი თქმით, ქურდობაში ხუთი ადამიანია ბრალდებული.
პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში ჩანს ორი ქურდი, რომლებსაც თავზე ფანრები აქვთ მიმაგრებული და სახეები დაფარული აქვთ. ისინი ფანჯარას ამტვრევენ და ვილაში შედიან.
ისინი პირდაპირ ოთახში შევიდნენ, სადაც ეკიდა სამი ნახატი, რომლებიც კედლიდან ჩამოხსნეს, შემდეგ ფანჯარასთან დაბრუნდნენ და ნახატები გარეთ მდგომ თანამზრახველს გადასცეს.
მათ ოგიუსტ რენუარის „თევზი“, პოლ სეზანის „ნატურმორტი ალუბლებით“ და ანრი მატისის „ოდალისკი ტერასაზე“ მოიპარეს და მიიმალნენ.
პოლიციის ცნობით, რენუარის ნახატის ღირებულება სამი მილიონი ევროა, სეზანის - ექვსი მილიონი ევრო, ხოლო მატისის - დაახლოებით 20 ათასი ევრო.
პოლიციის უფროსმა პალიარომ AFP-ს განუცხადა, რომ ნახატები ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში იპოვეს.
პარმადან 20 კილომეტრში მდებარე "მანიანი-როკას ფონდში" ხელოვნების ისტორიკოსის, ლუიჯი მანიანის კოლექცია ინახება, რომელიც ასევე მოიცავს დიურერის, რუბენსის, ვან დეიკის, გოიას და მონეს ნამუშევრებს.
ფონდი წარმოადგენს ძველი ოსტატების და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების კერძო კოლექციას, რომელიც დააარსა კრიტიკოსმა ლუიჯი მანიანიმ მშობლების პატივსაცემად.
ეს ქურდობა ევროპის მუზეუმებზე განხორციელებული ძარცვების სერიის ბოლო შემთხვევაა. გასული წლის ოქტომბერში ქურდები დღისით, პარიზში, ლუვრში შეიპარნენ და რვა წუთზე ნაკლებ დროში 102 მილიონი დოლარის - ისტორიული ღირებულების სამკაულები წაიღეს.