რუსეთმა უკრაინას 152 დრონით შეუტია. დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩვილი დაიღუპა

რუსეთის იერიშის შედეგები ოდესის ოლქში. 15 აგვისტო, 2026.

პარასკევ-შაბათის ღამეს, 15 აგვისტოს, რუსეთმა უკრაინას 152 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტანა. მათგან 124 ჩამოაგდეს, იუწყებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალები.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში წუხელ ღამით რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად სამი თვის ჩვილი დაიღუპა. რუსული დრონი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დაშავებულებს შორის არიან 5 და 12 წლის ბავშვები. სულ დაჭრილია 11 ადამიანი, განაცხადა დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ განჟამ.

ოდესის ოლქზე რუსეთის თავდასხმისას დაინგრა ფეხსაცმლის ფაბრიკის შენობა და ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი გაუჩნდა ასევე მიტოვებულ კერძო სახლსაც, იტყობინება ოდესის ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველო. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის ჯარებმა დააზიანეს იზმაილის პორტის ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენება „უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის სამხედრო ტვირთისა და საწვავის შენახვის, დატვირთვისა და ტრანსპორტირებისთვის“, ასევე სამხედრო-ტექნიკური ქონების საწყობი ოდესის პორტში.

ზაპოროჟიეს რაიონზე რუსეთის თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, წერს ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი. ყველა მათგანი იმყოფებოდა ავტომობილებში, რომლებსაც რუსეთის FPV-დრონებმა შეუტიეს. კიდევ ორი ადამიანი დაშავდა ყანაში მომუშავე კომბაინზე დრონების თავდასხმისას. ღამით რუსეთის დრონებმა ზაპოროჟიეში სავაჭრო ცენტრსა და სამრეწველო საწარმოს დაარტყეს.

ხერსონის ოლქში სამოქალაქო ავტომობილებზე თავდასხმისას ოთხი ადამიანი დაშავდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად 28 ადამიანი დაშავდა.

ასევე ნახეთ

უკრაინამ დრონებით დაარტყა რუსეთის სარაკეტო-კოსმოსურ ცენტრს და სამხედრო აეროდრომს