პატიმარი გაიქცა სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშა.

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პატიმარი ალმასხან გუმბა გაიქცა. ის აფხაზეთის ომის ვეტერანის, ოთარ გუმბას, განზრახ მკვლელობისთვის არის მსჯავრდებული. მკვლელობა 2025 წლის 17 მარტს მოხდა.

ე.წ. პროკურატურის ცნობით, რესპუბლიკურ კლინიკაში გადაყვანილმა პატიმარმა სამედიცინო დაწესებულების ტრავმატოლოგიური განყოფილების პალატა, სადაც ის სამკურნალოდ იმყოფებოდა, თვითნებურად დატოვა. ინციდენტი 14 აგვისტოს, 00:00-დან 04:00 საათამდე პერიოდში მოხდა.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გუმბას ძებნისა და დაკავების მიზნით.

გარდა ამისა, სამსახურებრივი მოვალეობის შესაძლო არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე დაიწყო შემოწმება ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც მსჯავრდებულის დაცვას ახორციელებდნენ.