ირანი უარყოფს კატარისა და ქუვეითის ცნობებს დაკავებული ირანელი პერსონალის შესახებ

(საილუსტრაციო ფოტო)

ირანელმა სამხედრო ოფიციალურმა პირმა კვირას განაცხადა, რომ კატარმა ირანის წარმომადგენელთა ჯგუფს ქვეყანაში შესვლის ნება უნდა დართოს იმ პილოტების ბედის გამოსაძიებლად, რომლებიც თეირანის განცხადებით, კატარის ძალებმა შეიპყრეს, იტყობინება Reuters-ი ირანული მედიაზე დაყრდნობით.

კატარი უარყოფს ირანელი პილოტების დაკავებას. დოჰამ შაბათს განაცხადა, რომ მისმა სამაშველო ჯგუფებმა იპოვეს ერთი პილოტის ცხედარი მას შემდეგ, რაც ირანულმა თვითმფრინავებმა მარტში დაარღვიეს კატარის საჰაერო სივრცე და არ უპასუხეს მათთან დაკავშირების მცდელობებს.

კატარმა განაცხადა, რომ დაუკავშირდა ირანს ცხედრის გადაცემის კოორდინაციის მიზნით და თეირანი მიიწვია სამაშველო ოპერაციების დეტალების განსახილველად, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაკარგულ პირთა ძებნის კომიტეტის მეთაურმა, მოჰამად ბაქერზადემ განაცხადა, რომ ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების ექსპერტი და ფაქტების დამდგენი ჯგუფი თვეებია ელოდება კატარში შესვლას, იტყობინება ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „Tasnim“.

ბაქერზადემ კატარის ოფიციალური პირები გამოძიების არაერთხელ გადავადებასა და ირანში პილოტების დაბრუნების ხელშეშლაში დაადანაშაულა. მან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მოუწოდა, სასწრაფოდ მიადევნოს თვალი ამ საქმეს.

ბაქერზადემ ასევე აღნიშნა, რომ ქუვეითი ანალოგიურად მალავს ინფორმაციას ქუვეითში დაკავებული ოთხი ირანელის ბედის შესახებ.

მაისში ირანმა განაცხადა, რომ ეს ოთხი პირი რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული და საზღვაო პატრულირებას ახორციელებდა, სანამ სანავიგაციო შეფერხების გამო ქუვეითის ტერიტორიულ წყლებში შევიდოდა. ქუვეითმა განაცხადა, რომ ოთხივე პირზე არსებობდა ეჭვი ქვეყნის წინააღმდეგ მტრული მოქმედებების დაგეგმვაში.

ასევე ნახეთ

ირანზე აშშ-ის ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების მუქარის ფონზე, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა შენელდა