რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ოდესის ოლქის პორტებზე.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე 17 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული ცნობით, გასულ ღამით საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეტევისას დაზიანდა ტოგოს დროშით მცურავი სამოქალაქო, სატვირთო გემიც. დაიჭრა ოთხი ადამიანი. სამ მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ადმინისტრაციის თანახმად, შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძრები ლიკვიდირებულია. კონკრეტულად რომელ პორტებზე იყო დარტყმა, ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციას არ უთქვამს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ოფიციალური არხებით 17 აგვისტოს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ოდესის პორტში დრონებით დაარტყეს საწვავის რეზერვუარებს და საპატრულო კატერს, რომელიც უკრაინის არმიის ტვირთების გადამტანი გემების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, ხოლო ოდესის ოლქის იზმაილის პორტში - სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტერმინალს, ანგარებს, სადაც დასავლური სამხედრო ტექნიკა იყო და ე.წ. უეკიპაჟო კატერების საწყობებს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
ასევე ნახეთ
რუსეთი უარს ამბობს შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებებზე მორატორიუმის გამოცხადებაზერუსეთის ჯარები ოდესის ოლქის პორტებს თითქმის ყოველდღე უტევენ.
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნეა რუსეთის პორტები და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემები.