ივანიშვილის დავალებით გამოგზავნილ წერილში კორუფციის „აღიარებას“ მთავაზობენ, ამ ჩაგვრას წინ აღვუდგები - ღარიბაშვილი

დაპატიმრებული ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხუსმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“

პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ გამოუგზავნეს წერილი, რომლითაც კორუფციასთან დაკავშირებული ამ დრომდე უცნობი ბრალდების „აღიარება“ შესთავაზეს.

„დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხუსმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“, - წერია ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა მის ოფიციალურ ფეისბუკზე და ასევე გამოაქვეყნა მისმა მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ივანიშვილის ყოფილი მარჯვენა ხელი და საქართველოს ორგზის ექსპრემიერი, 2026 წლის 12 იანვრიდან პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ უპირისპირდება.

ასევე ნახეთ

რატომ წავიდა ღარიბაშვილი ციხეში ადრე, სწრაფად და უბრძოლველად - „ის, რაც უნდა დამთავრდეს, უნდა დამთავრდეს“

წერილი ღარიბაშვილს - „ივანიშვილის დავალებით“

ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის ფეისბუკზე ორშაბათს, 2026 წლის 17 აგვისტოს გამოქვეყნდა წერილის ფოტო.

გამოქვეყნებულია წერილის მხოლოდ ერთი მონაკვეთი - ოთხი აბზაცი - ბეჭდური და არა ხელნაწერი.

ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუკზე გამოქვეყნებული წერილი

ღარიბაშვილის თანახმად, ეს წერილი „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ გაუგზავნეს.

ამ წერილში, - რომლის ავტორის ვინაობაც ცოლ-ქმარს არ დაუსახელებია, - ვკითხულობთ, რომ ღარიბაშვილს სწერენ:

  • „[ვითომ] მხარდამჭერებმა და სოციალურ ქსელებში ორგანიზებულმა კამპანიებმა სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს“;
  • „ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები“, - წერია წერილში, - „ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი“.

აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილის გამოქვეყნებული ამ წერილის ავტორი პირველ მრავლობით პირში წერს და „მოქმედების“ პირველ ვარიანტს ასე აღწერს: „ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ“.

ასევე ნახეთ

2025 წელი - "ოცნება" ყოფილი ერთგული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ

„ან ვაღიაროთ“

„მეორე ვარიანტი თვითონ შემოგთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი“, - წერია ღარიბაშვილის გამოქვეყნებულ წერილში და დაზუსტებულია:

„ვაღიარით (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ.“.

ამ წერილის თანახმად, ღარიბაშვილს მეორე სცენარის შემთხვევაში სთავაზობენ „საპროცესო შეთანხმებას იგივე 5-წლიანი ვადით“:

„როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთის შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება“, - სწერს ექსპრემიერს ამ ეტაპისთვის გაურკვეველი პირი.

„არ უნდა გაეკარო პოლიტიკას“

„გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას“, - ღარიბაშვილის თანახმად, ასე აღუწერეს ამ წერილში მეორე სცენარის პირობა:

„და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“, - ვკითხულობთ წერილში.

„სხვა გზა არ დამიტოვეს“ - ღარიბაშვილი

„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი და დასძენს:

„მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა. სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას. ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას, უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას“.

იგი პირობას დებს, რომ ხვალ - 18 აგვისტოს - გაავრცელებს ვრცელ წერილს და „საზოგადოებას ეტყვის თავის სიმართლეს“.

„დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხუსმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“, - აცხადებს იგი.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, თორნიკე რიჟვაძე და ირაკლი კობახიძე

წერილში ნახსენებია ირმა ინაშვილიც

„ივანიშვილის დავალებით გაგზავნილ“ წერილში, - რომელსაც ღარიბაშვილი აქვეყნებს, - ნახსენებია პოლიტიკოსი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი.

„ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს“, - ასეთ კონტექსტშია ის ნახსენები.

წერილის გავრცელების შემდეგ ინაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „დღესაც მეგობარია“ და ის ირაკლი კობახიძეს ამხელს:

„მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, ანუ, დღესაც ჩემი მეგობარია, არასდროს დამიტოვებია არცერთი ჩემი მეგობარი და არც ღარიბაშვილს არ დავტოვებ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს, და ისევ ვამბობ, რომ კობახიძე არის ცრუ მაბეზღარა, ცილისმწამებელი, საბჭოთა დასმენების კანონების ავტორი და ქართული პოლიტიკის დამაზიანებელი“, - უთხრა მან ტვ „პირველს“.

ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი 2025 წლის 23 ოქტომბერს აცხადებდა: „ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ღარიბაშვილმა ამერიკელებს გაუმხილა ივანიშვილის ფინანსური, კომერციული, პოლიტიკური და სხვა საიდუმლოებანი“.

მისი თქმითვე, „კობახიძე ივანიშვილს არწმუნებდა, რომ ინფორმაცია [სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ] ლილუაშვილის აგენტურიდან ჟონავდა“.

  • სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას „ბრალად ედება ქრთამის აღება სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე“; იგი 2025 წლის 23 ოქტომბერს დააკავეს.
  • 17 აგვისტოს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დაპატიმრებული მაღალჩინოსნის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ მიქაუტაძე ამბობს, რომ მიდიოდა „სუს-ში [საკუთარი ხელით] გადასცემდა თანხას სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს“.

ასევე ნახეთ

12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს სუსის ყოფილი უფროსის ბიძაშვილს

ღარიბაშვილის დაპატიმრება

ირაკლი ღარიბაშვილს 2025 წლის 24 ოქტომბერს კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდება წარუდგინეს, მოგვიანებით, 2026 წლის 12 იანვარს კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა, საპროცესო შეთანხმებით, მიიღო 5-წლიანი პატიმრობა, 1 მილიონი ლარის ჯარიმა, ორი ავტომობილის ჩამორთმევა და 6,5 მილიონი აშშ დოლარის კონფისკაცია.

მას ბრალად ედებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია [ფულის გათეთრება], განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლით.

მას შემდეგ იგი რუსთავის ციხეში იხდის სასჯელს.

2026 წლის 6 აგვისტოს ღარიბაშვილი კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი - როგორც მოგვიანებით ადვოკატმა მიხეილ შაყულაშვილმა თქვა, გეგმიური სამედიცინო შემოწმების მიზნით და „არავითარი საპანიკო“ არ ყოფილა.

ასევე ნახეთ

ღარიბაშვილის გათეთრებული მილიონები? - რა კითხვებს აჩენს გამოძიების საჯარო პოზიცია

ღარიბაშვილის ცოლისძმა ალექსანდრე თამაზაშვილი 2025 წლის ოქტომბერში, კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე, წერდა: „უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ“.

  • 2025 წლის მაისში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოზე მიღებულ ანგარიშში შევიდა შესწორება ღარიბაშვილის შესახებაც, სადაც გამოითქვა „სერიოზული შეშფოთება“ მისი დაპატიმრების გამო და „მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური გავლენის“ შესახებ ეჭვები გამოითქვა.
  • ლექსო თამაზაშვილი 8 მაისს ასე გამოეხმაურა ამ ამბავს: „ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ მორიგ ანტიქართულ ანგარიშში ირაკლის შეყვანა და მოხსენიება არის ფარისევლური, ყალბი და მიზანმიმართულად პროვოკაციული ნაბიჯი, რაც აშკარად რადიკალურ-ექსტრემისტული ოპოზიციის ლობიზმის შედეგია“.
  • ღარიბაშვილის ცოლმა, ნუნუკა თამაზაშვილმა 13 ივლისს გააზიარა პროსახელისუფლებო „იმედის“ სიუჟეტი, - სადაც ყოფილი პატიმარი ჰყვება, რომ სთხოვდნენ პატიმრობაში მყოფი თამაზ თამაზაშვილის (ღარიბაშვილის სიმამრის) „მოწამვლას“, - და დაწერა: „უფალმა არ გაგვწირა. ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ“.