გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მსჯავრდებულმა რომეო მიქაუტაძემ მისცა

მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე (მარცხნივ) და ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ აღძრულ „ქრთამის აღების საქმეზე“ პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძეა. მას სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ.

ასევე ნახეთ

10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილე რომეო მიქაუტაძეს

პროკურორის ცნობით, მიქაუტაძემ თქვა, რომ ლილუაშვილს თანხას კაბინეტში გადასცემდა.

სუსის ყოფილი ხელმძღვანელის სასამართლო სხდომები დახურულია - მოწმეების დაკითხვის დასრულების შემდეგ სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას მედია პროკურორისგან და ბრალდებულის ადვოკატისგან იგებს.

„მოწმემ კვლავ დაადასტურა უშუალოდ ქრთამის მოთხოვნის, მიღების, გადაცემის ფაქტები. ლოკაცია იყო უცვლელი, დროის დაახლოებითი მონაკვეთებიც“, - თქვა მარიამ ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ „ეს „შეიფუთა“ სახელმწიფო ინტერესად, თუმცა ცხადი იყო ყველასთვის, რომ ეს სახელმწიფო ინტერესების მატარებელი არ იქნებოდა“.

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე „აბსურდულ სიცრუეს“ უწოდებს რომეო მიქაუტაძის მონათხრობს. მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს უნდა სუსის ყოფილი უფროსი „თავისი დანაშაულის თანაზიარი გახადოს“.

პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ საქმეზე დაკითხულია ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელის ნათქვამითაც დასტურდება „მიქაუტაძის მოწოდებული ინფორმაციის სისწორე და სანდოობა“.

ადვოკატი ამბობს, რომ განაჩენით, რომელიც მიქაუტაძის წინააღმდეგ დადგა, დადასტურებულია, რომ მას ზუსტად იმ ოდენობის „უკანონო შემოსავლები“ დაუდასტურდა, რაც „ბიზნესმენებისგან აღებული აქვს ქრთამის სახით“:

„ბიზნესმენი, რომელიც ერთადერთი დაკითხული პირია ამ საქმეში და სხვა არავინ, ცალსახად ადასტურებს, რომ ფულადი თანხა მიტანილი აქვს უშუალოდ რომეო მიქაუტაძესთან და სწორედ მიქაუტაძე დაჰპირდა მას მფარველობას“.

იმ სასამართლომ, რომელშიც რომეო მიქაუტაძე მოწმის სახით დაკითხეს, 16 მარტს მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრებაში - მის საქმეში დანაშაულის შესახებ ცხრა ეპიზოდია. რომეო მიქაუტაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვდა, თუმცა მას პროკურატურამ უარი უთხრა.

ასევე ნახეთ

მინისტრის მოადგილის საქმე: 9 ბრალდება, 8,5 მილიონი გათეთრებული ლარი და 117 მოწმე

გრიგოლ ლილუაშვილი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ აცნობა მედიას და აღნიშნა, რომ მას ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს.

რას ედავებიან ლილუაშვილს?

ბრალდების მიხედვით:

  • ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას 2022 წლის ოქტომბერში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას 2022 წლის თებერვალში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის დახმარებით მიიღო $1 365 000;
  • ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც ბაღების შესყიდვებიდან დიდი ოდენობის „ატკატებს“ იღებდა.

ლილუაშვილს თავს დამნაშავედ არ ცნობს

ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს - ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ლილუაშვილი თანამდებობაზე

სუსის ხელმძღვანელის თანამდებობა გრიგოლ ლილუაშვილმა მიმდინარე წლის 2 აპრილს დატოვა - ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე. თავდაპირველად ითქვა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრად ნიშნავდნენ, 4 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.