მოსკოვის ოლქზე უკრაინული დრონებით შეტევის შემდეგ, 18 აგვისტოს დილით ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არიან დაშავებულები და დაზიანებულია არაერთი ობიექტი, მათ შორის ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Wildberries-ის საწყობი.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით: საჰაერო თავდაცვის ძალებმა რეგიონის რვა რაიონში 150-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. რამენსკის რაიონში, სადაც დრონი კერძო სახლს მოხვდა, 10 წლის გოგო დაშავდა. ქალი და მამაკაცი დაშავდნენ ბოგოროდსკის და კოლომნის რაიონებში. ბოგოროდსკის რაიონში დაზიანებულია ორი კერძო სახლი, ხანძარი გაჩნდა კომპანია Wildberries-ის საწყობში, კოლომნაში ხანძარი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრს, პავლოვო-პოსადის რაიონში ხანძრები გაჩნდა ერთ კერძო და ერთ მრავალბინიან სახლში, ელექტროსტალის რაიონში დაზიანდა ელექტროქვესადგური, კოტელნიკის რაიონში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე ხანძარი გაუჩნდა სამშენებლო მასალებს, ხოლო დომოდედოვოში - მედიკამენტების საწყობს.
ასევე ნახეთ
მოსკოვის რეგიონისკენ 600-ზე მეტი დრონი „მოფრინავდა“ - მოსკოვის მერიკომპანია Wildberries-ის პრესსამსახურმა 18 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქში კომპანიის ლოგისტიკის კომპლექსი „უმნიშვნელოდ დაზიანდა“.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, ონლაინ-ვაჭრობის უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის საწყობებზე შეტევა 18 ივლისიდან დაიწყეს. დარტყმა იყო უკვე 20-ზე მეტ ობიექტზე.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA-ს ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის კოტელნიკის რაიონში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსს, სავარაუდოდ საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებული დრონი დაეცა.
მოსკოვის ოლქის ენერგოკომპანიის მონაცემებით, დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული დაზიანებების გამო რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 5 000-ზე მეტ ადამიანს და 46 „სოციალურად მნიშვნელოვან ობიექტს".
- რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას.
- უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.