გეორგიევსკის ტრაქტატმა გადაარჩინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა - კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი სახელმწიფო მეორის საკეთილდღეოდ იღვწის და საკუთარ ინტერესებს მის სასარგებლოდ თმობს...“

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე კვლავ აცხადებს, რომ მეფე ერეკლე II-ის გადაწყვეტილებამ „გეორგიევსკის ტრაქტატის“ დადების თაობაზე საქართველო გადაარჩინა და თან ევროპული პერსპექტივა შეუნარჩუნა.

18 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე ისაუბრა ერეკლე მეორის „არჩევანზე“, „დიპ სტეიტზე“, „სუვერენიტეტზე“, „აგენტურულ ოპოზიციასა“ თუ 2008 წლის ომში მიხეილ სააკაშვილის მთავრობის „დანაშაულზე“ - ყველა იმ საკითხზე, რაზეც „ქართული ოცნება“ 2022 წლიდან აქტიურად საუბრობს.

„განსაკუთრებით პარადოქსულია, როდესაც დღეს ფსევდოლიბერალები ერეკლე მეორეს იმ გადაწყვეტილებისთვის აკრიტიკებენ, რომელმაც საქართველოს ისტორიული არსებობისა და შემდგომი სახელმწიფოებრივი განვითარების, მათ შორის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობა შეუნარჩუნა“, - განაცხადა მან.

მან ამავე კონტექსტში ახსენა აგვისტოს ომი და თქვა, რომ 2008 წლის ომში რუსეთი „საკუთარი უხეში პოლიტიკური ინტერესებიდან მოქმედებდა“, რასაც ოკუპაცია მოჰყვა, - „რაც მიუღებელია“, - „თუმცა ცალკე საკითხია, რას და რატომ აკეთებდა სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც გარე ძალების დავალებით მოქმედებდა“.

„საკუთარი ინტერესები“

„როგორც დასაბამიდან, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოები ჩამოყალიბდნენ, ისე დღესაც, თითოეული სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს“, - თქვა მან.

„ამიტომ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი სახელმწიფო მეორის საკეთილდღეოდ იღვწის და საკუთარ ინტერესებს მის სასარგებლოდ თმობს“, - განაცხადა პრემიერმა.

აშშ-ევროპის კრიტიკა

კობახიძემ ტრაქტატზე საუბრის შემდეგ გააკრიტიკა აშშ და ევროკავშირი. მან თქვა:

„ერეკლე მეორის დროინდელი რეალობის უკეთ გასააზრებლად, დღევანდელ კრიტიკოსებს თუ მხარდამჭერებს ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა შევახსენოთ, კონკრეტულად კი ის, თუ როგორ მოქმედებენ სახელმწიფოები საქართველოს მიმართ მაშინაც კი, როდესაც ისინი საკუთარ თავს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებად ან მეგობრებად მოიხსენიებენ“.

„ამის ნათელი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა:

„აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა, ხშირად სრულიად უსამართლოდ, უკიდურესად ხისტად მოქმედებდა და საქართველოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა“.

„მათი ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა სწორედ იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს, კანონმდებლობას, გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ღირებულებებს უკავშირდებოდა“, - თქვა მან.

„როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიციის დაცვა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება სცადა, ამის პასუხად პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის სხვადასხვა ფორმა მივიღეთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

მას ამ კონკრეტულ განცხადებაში არ უხსენებია დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და არც „გადატვირთვის“ მოლოდინი.

ასევე ნახეთ

აშშ-ის საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო
  • „გეორგიევსკის ტრაქტატი“ 1783 წელს გაფორმდა რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის;
  • „ტრაქტატის“ მიხედვით, სამეფო რუსეთის მფარველობის ქვეშ გადადიოდა. „სამეგობრო შეთანხმება“ რუსეთმა დაარღვია და 1801 წელს გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო.
  • ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსული პროპაგანდა საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა, საქართველოს ისტორია საკუთარი ინტერესებისთვის მოერგო, მათ შორის, ერეკლე II-ის ისტორიულ როლს რუსეთი ხშირად იყენებდა იმპერიალისტური ნარატივების გასამყარებლად;
  • ერთ-ერთი ღიად პრორუსული პარტია, - რომლის ლიდერებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიან და რომელიც დაკავშირებული იყო ყოფილ გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან, - „ახალი გეორგიევსკის გაფორმებასა“ და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ითხოვს.