ტრამპი: ირანთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

ნავთობის ტანკერი ჰორმუზის სრუტეში, საილუსტრაციო ფოტო

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ირანთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და არც დაგეგმილია. ტრამპის განცხადებას ერთი დღით უძღოდა წინ მისი სიძის, ჯარედ კუშნერის სიტყვები, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის კონტაქტი ძლიერი რჩება.

"ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკება ან საუბარი არ მიმდინარეობს და არც დაგეგმილია", წერს ტრამპი თავისი სოციალური ქსელით Truth Social 18 აგვისტოს - როცა ამოიწურა 60-დღიანი ვადა, რომლის დროსაც ორ მხარეს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებისთვის უნდა მიეღწია.

ტრამპი ასევე ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტე "ღიაა და მუშაობს" და რომ განაღმვითი სამუშაოები ჩატარებულია.

თუმცა თეირანი აცხადებს, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის არხი დახურული დარჩება მანამ, სანამ ვაშინგტონი შეასრულებს ივნისში მიღწეული შუალედური შეთანხმებით ნაკისრ პირობებს.

ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამად ბაღერ ყალიბაფის თქმით, ეს პირობები მოიცავს ირანის პორტებისთვის ბლოკადის მოხსნას, ირანის გაყინული ქონების გათავისუფლებას და სამხედრო ოპერაციებისა თუ მუქარის "ყველა ფრონტზე" შეწყვეტას.

ყალიბაფის თქმით, ამ პირობების შესრულებამდე "ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება".

უწინ ჰორმუზის სრუტეზე მოდიოდა მსოფლიოს ნავთობისა და გაზის მიწოდების დაახლოებით 20 პროცენტი.

ასევე ნახეთ

ტრამპი: ირანის საბოლოო დამარცხების შემდეგ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ