შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ჰააგის სასამართლოს პრეზიდენტს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) პრეზიდენტი ტომოკო აკანე

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) პრეზიდენტს, იაპონელ ტომოკო აკანეს. სანქცირებულია სასამართლოს უფროსი იურისტი(პროკურორი), სენეგალელი აბდულაია სეიეც.

გადაწყვეტილება 18 აგვისტოს გამოაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

რუბიოს თანახმად, აკანე და სეიე უშუალოდ მონაწილეობდნენ სისხლისსამართლებრივ დევნაში თანამდებობის პირების, რომელთა მთავრობებიც ICC-ის იურისდიქციას არ აღიარებენ.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ICC-ის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება 2025 წლის თებერვლიდან დაიწყო, რასაც წინ უძღოდა სასამართლოს მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემა და ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებული გამოძიება.
  • ერთ-ერთი პირველი, ვისაც სანქციები დაუწესეს ICC-ის მთავარი პროკურორი იყო, რამდენიმე მოსამართლესთან ერთად.
  • სანქციები ითვალისწინებს ამ პირებისთვის აშშ-ში ჩასვლის და ამერიკული კომპანიების მიერ მათი მომსახურების აკრძალვას და ფინანსური აქტივების გაყინვას.

ასევე ნახეთ

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ჰააგის სასამართლოს პროკურორს

ICC-ის „დემონტაჟის“ კამპანია

2026 წლის ივლისში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გამოაცხადა, რომ ICC-ის წინააღმდეგ მასშტაბურ კამპანიას იწყებენ, რადგან ის საფრთხეს უქმნის აშშ-ის სუვერენიტეტს და აქვს პრეტენზია სამართლებრივ დევნასა და დაპატიმრებაზე ამერიკელი სამხედროების და თანამდებობის პირების, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების სახელით მოქმედებენ.

18 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის სანქცირებას ეხება, სახელმწიფო მდივანი რუბიო იმეორებს ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას, რომ სასამართლო „კორუმპირებული“ და „პოლიტიზებულია“, უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს, აშშ კი არ დაუშვებს თავისი სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფას.

რუბიო მიიჩნევს, რომ სასამართლომ არაერთხელ სცადა ძალაუფლების აღება აშშ-ის მოქალაქეებსა და სხვა ქვეყნებზე, რომლებიც მის იურისდიქციას არ აღიარებენ, რაც სახიფათო პრეცედენტს ქმნის ყველა ქვეყნისთვის.

სახელმწიფო მდივნის განცხადებითვე, აშშ-ის სამთავრობო კამპანია ეროვნული სუვერენიტეტისთვის ICC-ის მიერ შექმნილი საფრთხის ლიკვიდაციის მიზნით, მასშტაბური იქნება და მოელიან, რომ ამ კამპანიას სულ უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება და შეწყვეტენ სასამართლოს დაფინანსებასა და წევრობას. ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის საჭიროების შემთხვევაში მიმართოს დამატებით ზომებს სასამართლოს „დემონტაჟისთვის“, თუ ის კვლავ საფრთხე იქნება ამერიკის სუვერენიტეტისთვის.

ჰააგის სასამართლოს რეაქცია

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ თავის თანამშრომლებს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა.

ICC შეერთებული შტატების ქმედებებს აფასებს კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრად.

ICC მიიჩნევს, რომ როცა სასამართლოს წარმომადგენლებს კანონის გამოყენებისთვის ემუქრებიან, საფრთხის ქვეშ დგება მთელი საერთაშორისო მართლწესრიგი.

უფლებადამცველები ტრამპის ადმინისტრაციას უჩივიან

ჰააგის სასამართლოს „დემონტაჟის“ კამპანიის გამო ოთხმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ(Human Rights Watch, Open Society Institute, American Friends Service Committee, Center for Constitutional Rights) 11 აგვისტოს ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ნიუ-იორკის სასამართლოში.

უფლებადამცველთა თანახმად, ამერიკული სანქციები ხელს უშლით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაში, რათა მიაღწიონ მართლმსაჯულებას გენოციდის, ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე.

ტრამპის ადმინისტრაციას ნიუ-იორკის სასამართლოში ივნისში უჩივლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამმა სანქცირებულმა მოსამართლემაც. ისინი სანქციებს მოსამართლეებზე ზეწოლად აფასებენ.

ასევე ნახეთ

მოსკოვის სასამართლომ „დაუსწრებლად დააპატიმრა" ჰააგის სასამართლოს პროკურორი და მოსამართლეები
  • 2002 წელს დაფუძნებული, ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს 120-ზე მეტი ქვეყანა, რომლებსაც ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვთ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომის სტატუტი.
  • აშშ ამ ქვეყნებს შორის არ არის.
  • ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს რუსეთიც.
  • 2023 წლის მარტში სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები. ICC-ს თანახმად, ისინი სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.