პროკურატურა მოითხოვს საპროცესო გაუუქმდეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს

გიორგი კირვალიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს პროკურატურის მოთხოვნას, საპროცესო შეთანხმება გაუუქმდეს 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე ბრალდებულ, სპორტსმენ გიორგი კირვალიძეს. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა უნდა მიიღოს.

კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს დაუმტკიცეს. მასთან ერთად კიდევ 11 ბრალდებულს.

24 ივნისს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ყველა ბრალდებულს ცალ-ცალკე ჰკითხა: ცნობდნენ თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალში და სურდათ თუ არა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. „დიახ“ - უპასუხა 12-მა ბრალდებულმა.

ასევე ნახეთ

4 ოქტომბრის საქმეზე 12 პირს საპროცესო გაუფორმეს - ისინი 1 წელს ციხეში გაატარებენ

მათთან ერთად საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვდა ბრალდებული მანუჩარ მიქალაძე, რომელმაც სხდომაზე უარი თქვა.

დღევანდელ, 20 აგვისტოს სხდომაზე სწორედ მისი და გიორგი კირვალიძის საქმის განხილვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა მიქელაძის ადვოკატის თხოვნით გადაიდო. კირვალიძის საპროცესო შეთანხმებას პროკურატურა ასაჩივრებს, მიქელაძის სასჯელს კი მისი ადვოკატი.

„მე არ ვარ დამნაშავე. დამნაშავეა ის, ვინც ამ ქვეყანას მომავალს უკლავს!.. მე მოვიხდი ვალს ჩემი ქვეყნის წინაშე და შერცხვება იმას, ვინც ამათ ემსახურება და ჭანჭიკები არიან…“ - თქვა 24 ივნისს განაჩენის გამოცხადების წინ მანუჩარ მიქალაძემ, რომელსაც 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

პროკურატურას კი სწორედ მიქელაძის შემდეგ წარმოთქმული გიორგი კირვალიძის სიტყვები მოჰყავს საპროცესო შეთანხმების გაუქმების მტკიცებულებად.

იმ დღეს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა გიორგი კირვალიძემაც და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა. ის სხდომათა დარბაზიდან მაშინვე გაიყვანეს.

მას შეთანხმება გაუფორმდა, რადგან მისი ეს რეპლიკა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც მოსამართლეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.

სააპელაციო სასამართლო საპროცესო შეთანხმების გაუქმების საკითხს 31 აგვისტოს 15 საათზე მიუბრუნდება.

საპროცესო შეთანხმება

საპროცესო შეთანხმების საკითხს სასამართლო „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 212-ე მუხლით განიხილავს. შეთანხმების გასაფორმებლად აუცილებელია წარდგენილი ბრალის აღიარება:

„საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. საპროცესო შეთანხმება უნდა აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში“.

ამავე კოდექსის 214-ე მუხლში წერია, რომ თუკი საპროცესო შეთანხმება გაუქმდება, „დაუშვებელია ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენება“ - ამ შემთხვევაში იგულისხმება ამ შეთანხმებისთვის საჭირო აღიარება.

„მშვიდობიანი დამხობის“ საქმე

სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.

ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.

ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

ამ საქმეზე ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს - ყველას, ვინც საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა, პატიმრობა მიუსაჯეს, მხოლოდ ერთს, მარიამ მეყანწიშვილს - 5000 ლარიანი ჯარიმა.