მოსკოვში მკვდარი იპოვეს ფსბ-ს 83 წლის გენერალ-მაიორი იგორ ლაპტევი

ფსბ-ს შტაბ-ბინა. მოსკოვი, 3 მარტი, 2023.

მოსკოვში, ვერხნიაია კრასნოსელსკაიას ქუჩაზე მდებარე ბინაში, ფსბ-ს გადამდგარი გენერალ-მაიორის, იგორ ლაპტევის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ „მკ“ და სხვა რუსული გამოცემები იუწყებიან. ისინი წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ 83 წლის ლაპტევმა, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს 20 აგვისტოს, დღისით მოხდა.

„იზვესტია“ ამტკიცებს, რომ გადამდგარი ოფიცერი თავის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობით დაიღუპა. სუიციდის შესაძლო მოტივების ან სიკვდილის წინ დაწერილი წერილის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური ცნობა არ არსებობს.

გამოცემა „დელოვოი პეტერბურგი“ წერს, რომ ლაპტევი სპეციალობით ქიმიკოს-ტექნოლოგი იყო. იგი სსრკ-ის სუკ-ში (კგბ) მსახურობდა და, მათ შორის, ავღანეთის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. სუკ-ში, მოგვიანებით კი ფსბ-ში სამსახურის დროს იგი საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობდა.

1990-იანი წლების ბოლოს იგი გადასახადებისა და მოსაკრებლების მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 1998 წლიდან სათავეში ედგა კომპანია „ინფორმტექნიკა ი სვიაზის“ (ამჟამად კომპანიათა ჯგუფი „ინფორმტექნიკა“) დირექტორთა საბჭოს. კომპანია, როგორც მის ვებსაიტზეა აღნიშნული, კავშირგაბმულობის სისტემებს აწარმოებს, მათ შორის, ხელისუფლების ფედერალური ორგანოებისა და ძალოვანი სტრუქტურებისთვის, ფსბ-ს, დაცვის ფედერალური სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩათვლით.

ასევე ნახეთ

გარდაიცვალა რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი