16 ადამიანამდე გაიზარდა კრივოი როგზე რუსეთის დარტყმის მსხვერპლთა რიცხვი

კრივოი როგი რუსეთის მხრიდან დარტყმის შემდეგ, 2026 წლის 21 აგვისტო

16 ადამიანამდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ კრივოი როგის უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ "მზიან გალერეაზე" რუსეთის დრონების მიერ მიტანილი ორი იერიშის მსხვერპლთა რიცხვი, დაშავებულია სულ მცირე 130 ადამიანი, მათგან 25 ბავშვია.

ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსანდრ ვილკული იუწყება, რომ დარტყმის ადგილას გრძელდება სამაშველო ოპერაცია. ბოლო მონაცემებით, ჯერ კიდევ დაკარგულია ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

ამ მომენტისთვის საავადმყოფოებში გადაყვანილია 61 დაჭრილი, მათგან 23 ადამიანი მძიმე ან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

"მათ შორისაა სამი ბავშვი - ორი ბიჭი, 10 და 16 წლის, და 11 წლის გოგო. ყველას ჩაუტარდა ოპერაცია, ექიმები მათ საჭირო დახმარებას უწევენ" - წერს ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

23 აგვისტო კრივოი როგში გლოვის დღეს გამოცხადდა. დნეპროპეტროვსკის ოლქში გლოვის დღეს შაბათს არის.

"პარასკევი საღამო. ქალაქელები საყიდლებზე იყვნენ, ოჯახებთან ატარებდნენ დროს. მშვიდობიანი ქალაქის ჩვეულებრივი საღამო. და ამ დროს მტერმა სავაჭრო ცენტრისკენ მიავლინა დრონები. ზედიზედ რამდენიმე დარტყმა. ესაა მიზანმიმართული ტერორი მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ" - წერს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსანდრ განჟა.

ხელისუფლების მონაცემებით, სავაჭრო ცენტრზე პირველი დარტყმა განხორციელდა პარასკევს, დღისით. ნახევარ საათში, როცა ადგილზე სახანძრო და სამედიცინო დახმარების მანქანები მივიდნენ, მოხდა მეორე დარტყმა. შენობაში გაჩნდა ხანძარი.

ასევე ნახეთ

რუსეთმა დაარტყა კრივოი-როგის უდიდეს სავაჭრო ცენტრს, ხუთი ადამიანი დაიღუპა