21 წლის ტრანსგენდერი კაცი რუსეთიდან გარდაცვლილი ნახეს ბათუმში, საცხოვრებელ სახლში

პოლიციის ეკიპაჟი ბათუმში (საილუსტრაციო ფოტო)

მოკლედ

  • 15 აგვისტოს ბათუმის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში პოლიციამ 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვა - გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით არის დაწყებული, ოჯახის წევრებისთვის მეტად სავარაუდო მკვლელობის ვერსიაა.
  • დმიტრი მენიაევი საქართველოში 2022 წლის შემდეგ ცხოვრობდა და როგორც მისი ოჯახის ადვოკატი, ზვიად მარკოიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ბოლოს ის ონლაინპლატფორმა ტელეგრამში აქტიური 3 აგვისტოს იყო, შესაბამისად, ვარაუდობენ რომ ის ცოცხალი ამ ან მომდევნო დღის შემდეგ აღარ იყო.
  • ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, ოჯახი გარდაცვლილის სამშობლოში გადასვენებას არ აპირებს, მას საქართველოში დაკრძალავენ.
მედიაში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ ცნობები 22 აგვისტოს გამოჩნდა. დმიტრი მენიაევის ბინაში პოლიცია მას შემდეგ შევიდა, რაც მეზობლებმა მძაფრ სუნზე განაცხადეს. როგორც ოჯახი ამბობს, გარეგნულად ცხედარს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა.

"15 აგვისტოს იპოვეს ცხედარი, ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია და ველოდებით რას დაადგენს გარდაცვალების მიზეზად. როგორც მეზობლები ამბობენ, ეს ბიჭი ძირითადად სულ სახლში იყო, დისტანციურად მუშაობდა და საკვებს და სხვა ნივთებსაც ძირითადად ონლაინ იძახებდა, გლოვოს და ვოლტის კურიერებს ხედავდნენ ხშირად მის ბინასთან.

კონკრეტულად რა ნივთები არ ჰქონდა გამოძიებას ამოღებული მისი ბინიდან, რაც ჩვენი ჩართვის მერე ამოიღეს, ვერ გეტყვით, რადგან ეს პირადი ნივთებია, თუმცა ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიაზე მეტად მკვლელობას ვარაუდობს", - უთხრა რადიო თავისუფლებას ოჯახის ადვოკატმა, ზვიად მარკოიძემ. მისი თქმით, გარდაცვლილს ოჯახთან კარგი და თბილი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა არც ძმას და არც დას საეჭვო გარემოებად არ მიუჩნევიათ მისი გაქრობა ონლაინაპლიკაციებიდან და არც პოლიციისთვის მიუმართავთ ძმის მოძებნის მოთხოვნით.

ოჯახმა დმიტრის გარდაცვალების შესახებ ცნობა მისი ცხედრის პოვნის შემდეგ მიიღო ქართული მხარისგან.

ასევე ნახეთ

როგორ შეიცვალა ლგბტქ ადამიანების ცხოვრება რუსეთში 2024 წელს

ასევე ნახეთ

"არის საკანონმდებლო წინადადება ლგბტ მარშებისა და შესაბამისი ფერადი ნივთების აკრძალვის შესახებ" - პაპუაშვილი